ენმ: “ვისოლი” ჩვენს ბილბორდებს ქალაქში არ აკრავს

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ვისოლ ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც შედის გარე-რეკლამაზე მომუშავე კომპანია “ალმა”, “ქართული ოცნების” დავალებით, ენმ-ს ბილბორდებს ქალაქში არ აკრავს.
როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მსგავსი “ხრიკები” მმართველი პარტიის მარცხს ვერ უშველის.
„დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ „ერთიანობამ“ უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ. ნომერ პირველი ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ „ოცნება“ და ივანიშვილი”, – ამბობს ვაშაძე.
“მივმართავ „ოცნების” წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია „ვისოლს“, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული? არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისგან, ბილბორდების არ გაკვრა ვერ გიშველით.
ეს ხრიკები „ოცნებას“ ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის. მივმართავ ივანიშვილს, ს – თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და „ოცნება“. უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მილიარდი, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით“,- აღნიშნავს ვაშაძე.
გარდა ამისა, როგორც ენმ-ს გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ეშინია იმ აქტუალური გზავნილების რომლებიც ბილბორდებზეა დატანილი.
„ჩვენს ბილბორდებზე დატანილია აქტუალური და მნიშვნელოვანი მესიჯები ჩვენი ქვეყნისთვის და ამისი ეშინია ივანიშვილს და ეს შიში გადააქვს უკვე კერძო სექტორზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ვისოლ ჯგუფზე“, რომელსაც არ აძლევს საშუალებას, რომ ეს შინაარსი დატანილი იქნას ბილბორდებზე”, – აცხადებს ცისკარიშვილი.
ნეტგაზეთი ცდილობს “ვისოლ ჯგუფთან” და “ალმასთან” დაკავშირებას. მათი პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ