შიმშილობის მე-13 დღეს აფგანის ჯანმრთელობა გაუარესდა – სადიგოვის ცოლი

აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, დღეს უკვე მეცამეტე დღეა, რაც თბილისში დაკავებულმა აზერბაიჯანლემა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. მეუღლის თქმით, სადიგოვის ჯანმრთელობა “ცუდ მდგომარეობაშია”.
“როცა მას ბოლოჯერ ვესაუბრე, მითხრა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მისი მდგომარეობა ასე სწრაფად იმიტომ გაუარესდა, რომ როდესაც ის აზერბაიჯანში ბოლოჯერ დააკავეს, ის 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა და სწორედ მაშინ დაკარგა მთელი თავისი ჯანმრთელობა. ამჟამად მისი შიმშილობის მე-13 დღეა, მისი მდგომარეობა კი უკვე შეიცვალა, რადგან ორგანიზმს ამის ატანა აღარ შეუძლია.
ის ამბობს, სხვა რა უნდა გავაკეთო, აქ კანონი არ ჭრისო,” – ამბობს სევინჩ სადიგოვა მეუღლის მდგომარეობაზე ნეტგაზეთთან.
მისი თქმით, ის და მისი ქმარი ქართული ხელისუფლებისგან არაფერს ელიან, რადგან საქართველო “ალიევის ბრძანებას ასრულებს”.
“მათ აფგანი უკანონოდ ჰყავთ დაპატიმრებული, ის უდანაშაულოა. ფაქტებიც იმას ამტკიცებენ, რომ ის დამნაშავე არ არის, მაგრამ ისინი ბოლო წვეთამდე აპირებენ მის ციხეში გამოკეტვას და მოკვლას იქ,” – ამბობს სევინჩ სადიგოვა.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს, თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. -ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
დაკავების ვიდეო სოციალურ ქსელში ჟურნალისტის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ დაკავებას შეესწრნენ სადიგოვების არასრულწლოვანი შვილებიც. სევინჩ სადიგოვა ამბობს, რომ ქართველი სამართალდამცველები „აზერბაიჯანელი დიქტატორის მითითებას ასრულებენ“.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების შესახებ საქართველოს სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 აგვისტოს განაჩენით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.
ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 8 აგვისტოს გაასაჩივრა.
ორგანიზაციის ადვოკატებმა მოითხოვეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით საექსტრადიციო 3- თვიანი პატიმრობის ჩანაცვლება 2000 ლარის ოდენობის გირაოთი.
სააპელაციო საჩივარს თან ერთოდა სადიგოვის განცხადება, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიმართა საქართველოში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნით.
როგორც ამბობენ ორგანიზაციაში „უფლებები საქართველო“, რომელიც სადიგოვის ინტერესებს იცავს, „არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს“.
ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ მისი საფუძველი პოლიტიკურია.
თბილისში ბაქოს მოთხოვნით დაკავებულ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ამ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
დაკავების წინა დღეს, 2 აგვისტოს, აფგან სადიგოვი, ადვოკატთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, ომბუდსმენმა წუხილი გამოთქვა, რომ ჟურნალისტს საქართველოს დატოვება აეკრძალა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს