რას ამბობს ცესკოს თავმჯდომარე უცხოეთში უბნების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ირწმუნება, რომ უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას “კანონმდებლობა არ ითვალისწინებს” და პრობლემებზე საუბრისას “საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე” მიუთითებს.
ამის შესახებ ს თავმჯდომარემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
კალანდარიშვილი ამტკიცებს, რომ “შესაბამისად დაინტერესებული პირები ემოციური პედალირებით ცდილობენ სხვა საკითხების გადაფარვას” და ამას “საფუძველს მოკლებულს” უწოდებს.
“სამწუხაროდ, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, რიგ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, რომ განხორციელდა მათი შეცდომაში შეყვანა, ვგულისხმობ იმას, რომ კანონით არარსებული პროცედურების შესახებ ხდებოდა მითითება მათთვის, რომ თითქოს მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ არანაკლებ 50 ხელმოწერის შემთხვევაში მიემართათ კომისიისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, მოეთხოვათ დამატებითი საარჩევნო უბნები, მაშინ, როდესაც არც ამ პროცედურას ითვალისწინებს, არც კანონმდებლობა ითვალისწინებს ამ ყველაფერს, არც საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს ასეთ შემთხვევას. […]
ბოლო პერიოდში, ზოგზოგიერთდები აბსოლუტურად უაპელაციოდ და უსაფუძვლოდ ითხოვდნენ ისეთი ქმედებების განხორციელებას საარჩევნო ადმინისტრაციისგან, რომელიც ფაქტობრივად საკანონმდებლო პრეროგატივით აღჭურვაში მდგომარეობდა. […]
ნუ გვაქვს მცდელობა, შესაბამის დაინტერესებულ პირებს, რომ ის საკითხები გადაიფაროს და რაღაც ემოციური პედალირებით, რომ თითქოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს ინსტიტუცია, ცოტა არ იყოს, მოკლებულია საფუძველს. […] ამ ყველაფერს სჭირდება არა ემოციები და სენტიმენტები, არამედ ამ ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო მოცემულობა”, – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.