რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს

შეკითხვას, რამდენად იყო ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, როცა მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიანიჭა, ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატი დავით კაჭარავა პასუხობს.
როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას ბიურომ იხელმძღვანელა არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, როცა გავლენიანი ორგანიზაციები ღიად და დაუფარავად ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში.
„ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს არა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთან“, არამედ სხვა მდიდარ NGO-ებთან დაკავშირებით იმის, თუ როგორ ცდილობდნენ 2020 წლის ს შედეგების დისკრედიტაციას, ხელისუფლების განცხადებების გადაფარვას და როგორ იღებდნენ ისინი, როგორც ოპოზიციური სუბიექტები, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას.
ამას საზოგადოება ძალიან თვალნათლივ ხედავს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის ფაქტი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები სცენაზე იყვნენ ასულები და პირდაპირ მოითხოვდნენ ტექნიკური მთავრობის შექმნას, რომლის წევრებიც თავად უნდა ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ აქ კითხვები საერთოდ აღარ არსებობს.
ფაქტები უამრავია ბოლო წლების მანძილზე დაგროვილი და ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად სამართლიანი. ხოლო იმასთან დაკავშირებით, რომ გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, ვფიქრობ, რომ ესეც სწორი გადაწყვეტილება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი არჩევნები 26 ოქტომბერს და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ როგორმე ვინმემ არ სცადოს ამ არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება.
ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ, თუ როგორ საუბრობენ ოპოზიციის ლიდერები იმაზე, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება არჩევნებზე და ვნახეთ ისიც, თუ როგორ ემზადებიან ისინი 27 ოქტომბრისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები საერთოდ არ არსებობდეს,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ერთგვარი უკან დახევა, როგორც ამას ოპოზიცია აფასებს, დავით კაჭარავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს, ასეთი შეფასება არ იქნება სწორი.
„რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და უკვე ვთქვი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას. მიმაჩნია, რომ ყველაფერი კანონიერად მიმდინარეობს და მოხდა ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული