რიკარდო გუტიერეში – შოკირებული ვარ ფაქტით, რომ საქართველო არა მხოლოდ მედიის თავისუფლების პრობლემის, არამედ დემოკრატიის შესუსტების წინაშე დგას

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოში საპარლამენტო ს წინ არსებულ მედიაგარემოზე და მედიის პლურალიზმზე ისაუბრეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესკონფერენციაში მონაწილე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რიკარდო გუტიერეშმა განუცხადა, ქვეყანა არ დგას მხოლოდ თავისუფალი მედიის პრობლემის წინაშე, არამედ დემოკრატიის უკუსვლისაც.
„აქ ვართ იმისათვის, რომ მედიის თავისუფლების სიტუაცია შევაფასოთ. ორი დღის განმავლობაში შევხვდით სხვადასხვა ორგანიზაციას, მედიაორგანიზაციებს, მედიას, ონლაინ მედიას, პოლიტიკოსებს ოპოზიციიდან და ასევე, მმართველი პარტიიდან. ძალიან შოკირებული ვარ იმ ფაქტით, რომ ქვეყანა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების პრობლემის, არამედ დემოკრატიის შესუსტების წინაშე დგას, ჩემი აზრით, დემოკრატიის ძლიერ შესუსტების. ამის მოლოდინი არ მქონდა. ამ ქვეყნის სიტუაციით ძალიან შეწუხებული ვარ. აქ არ ვართ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ, ეს ერთი ან მეორე მხარის ბრალია. ეს უფრო საზოგადოებრივი აქტორების გლობალური პასუხისმგებლობაა, რათა ქვეყანაში კანონი დაიცვან. ამიტომ, ვფიქრობ, თითოეული ორგანიზაციისთვის, რომელიც ამ მისიაში იყო ჩართული, მნიშვნელოვანია, რომ დახმარება გაუწიონ დემოკრატიის დაცვას, თავისუფალ ჟურნალისტიკას; დაეხმარონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს; უთხრან პოლიტიკოსებს, რომ ისინი ხანდახან იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.
ასევე, დისკუსია გვქონდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთანაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მას ვუთხარი, რომ თუ აქ, საქართველოში გაქვთ მედია, რომელიც კონტროლდება ქართველი ოლიგარქის მიერ, ძლიერი პოლიტიკური შეხედულებებით, ეს მედია არ იქნება [აღიარებული უცხოურ აგენტად]. მაგრამ მედია, რომელიც გარკვეულ დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან, აღიარებულია, როგორც უცხოელი აგენტი. ეს არის სრულებით დისკრიმინაცია. ამიტომ, მე მას ვუთხარი, რომ არ შემიძლია დავეთანხმო მის დასკვნებს. ეს არ გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ მედია პოლარიზაციას. ამიტომ, ჩემი “მესიჯი” ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ ისინი არასწორ ნაბიჯებს დგამენ. სწორია, არ დაადანაშაულო მედია იმისთვის, რომ ის უცხოეთიდან გარკვეულ ფინანსებს იღებს“, – განაცხადა ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რიკარდო გუტიერეშმა.