უნდა ვილაპარაკოთ ამაზეც! ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ, ამბავი ოსებზეა, მომსწრე ვარ – თამარ ტყეშელაშვილი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იხსენებს 90-იანი წლების პერიოდს, როდესაც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ე.წ პატრიოტები დევნიდნენ.
“უნდა ვილაპარაკოთ ამაზე(ც).
ერთ მტკივნეულ ამბავს გავიხსენებ. ამბავი ოსებზეა. მეგობარ ბაკურიანელებს, ვისაც ეს შეეხო ან უბრალოდ მომსწრე იყო,
90-იანებში, ბაკურიანში მცხოვრებ ოსებს უცებ დევნა რომ დაუწყეს, ამ ხალხს გასაქცევად გაუხდა საქმე (სახლებში უვარდებოდნენ, პირდაპირი გაგებით, შეშის ღუმელში ყრიდნენ ცოცხლად… (მომსწრე ვარ) და სხვ.)
ამ გაჩაღებულ შუღლში დედაჩემმა გამოიჩინა გმირობა და გადაწყვიტა, რომ მამაჩემის ოს თანამშრომლებს საკუთარი სახლების დატოვებაში უნდა დაეხმაროს …აღარ დაედგომებოდათ იქ. (დედის ამ გამბედაობას კი, დღემდე ვერ ვხსნი)
მოაყვანინა დედაჩემმა სატვირთო მანქანა, ჩასვა ამ მანქანის დიდ საბარგულში ბაკურიანელი ოსები (რაღაც ხეებიც დავალაგეთ და იქ ჩავმალეთ ეს ხალხი, ჩხრეკის შემთხვევაში).
მიზანი იყო, რომ გორამდე მიგვეყვანა. მერე გადავიდოდნენ. ეს ის პერიოდია, როცა, ყოველ ნაბიჯზე თბილისამდე, არაფხიზელი, შეიარაღებული სამხედრო ფორმიანები დგანან. გაჩერებენ. გამოწმებენ. პატრიოტები არიან რა!…
მახსოვს უცებ შეკერილი და ჩემი ძმის “კლიუშკა”-ზე მიკერებული, ფანჯრიდან გადაყოფილი შინდისფერი დროშა… (შეგნებულად – რომ არ გაგვაჩერონ იქნებ. გზავნილი: ჩვენც პატრიოტები ვართ!!!
მახსოვს შიში და პირველად აღქმა იმისა, რომ დედის სლავური გარეგნობა სახიფათოა, თურმე ღამე, ნახევრადმძინარე მე და ჩემი ძმა და საბარგულში ოსები. რის იმედად ვართ – არ ვიცით. ვიცით, რომ თუ გაგვაჩერეს – ვერავინ გადავრჩებით.
არ გაგვაჩერეს. დროშამ იმუშავა, ან უბრალოდ დავეზარეთ ამხელა მანქანა. გორამდე მივიყვანეთ მშვიდობით.
მერე, მახსოვს, შუა თბილისში, სლავური აქცენტით მოსაუბრე დედისთვის მაღაზიაში “რუსო! რუსო!”-ს ძახილი და არაადეკვატური გავეშება. და ახლაც იგივე რომ მესმის ვიღაცის მისამართით ზოგჯერ…
დღემდე ეთნიკური ნიშნით ხალხის დევნაში რომ გამოხატავს ზოგი “პატრიოტიზმს” – იქვე ჩანს, რამდენად ცოტა გამოუვლია ცხოვრებაში და ეს მოვლენებიც (სხვა უახლესი ისტორიის ფურცლებთან ერთად) ჩვენს ისტორიაში არ შეფასდა.
რა დასკვნა გამოვიტანეთ ამ ყველაფრისგან ერმა? ვიცით? თუ უცნობია. არ მოვინდომეთ სახელის დარქმევა? თუ დამოუკიდებლად ვერც ვიზამდით ამას (როგორც ხდება ხოლმე)
მარტო სსრკ-საც ნუ დავაბრალებთ ეთნიკურ შუღლს (იმან რა ჭირიც მოგვიტანა – ყველამ ვიცით). ზოგჯერ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთ. კოლექტიური ტრავმები გავიხსენოთ. ამით დავიწყოთ.
თუ მაღაზიებში (ან უფრო ფბზე – აწ უკვე) გავეშება უფრო მისაღებია, ოკ. შორს წავალთ ასე. და მეთხუთმეტე კაცად შევალთ. ლუდოვიკოსთან. მე მეთხუთმეტეობაზე ბევრად მეტი ამბიცია მაქვს პირადად.”– წერს თამარ ტყეშელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა

სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული

ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება