არმაზ ახვლედიანი – კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“ – პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს

ახლა საჯაროდ ამბობს ამერიკელების და ჩვენს გასაგონად, რომ ზოგჯერ შეიძლება ამ ჩვენს ქაჯობაში ცოტა ნორმალურობა გამოვურიოო, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, არმაზ ახვლედიანი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას.
როგორც არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება რომც შეიცვალოს, „ქართულ ოცნებას“ მაინც არ უშველის.
„კიდევ ერთი დასტური მივიღეთ, რომ საქართველოში სახელმწიფო წაშალა „ქართულმა ოცნებამ“, პრემიერს შეუძლია რაღაც დაავალოს კუპრაშვილს, ერთი შეხედვით დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელს. თავისი ნებით კუპრაშვილი ამ მგრძნობელობის პოლიტიკურ საკითხის გადაწყვეტდა, რომ არ სცოდნოდა კობახიძეს და თავის მხრივ კობახიძეს რომ არ შეეთანხმებინა ივანიშვილთან? არ დაიჯეროთ. ეს არის ცხადზე ცხადი, რომ კუპრაშვილი და ვერავინ, ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს. ახლა კობახიძე საჯაროდ ამბობს ამერიკელების და აქ ჩვენს გასაგონად, რომ ზოგჯერ შეიძლება ამ ჩვენს ქაჯობაში ცოტა ნორმალურობა გამოვურიოო. არ გიშველით ბატონო ჩემო, იმიტომ, რომ თქვენი ქაჯობის ხარისხი ისეთია, რომ ასეთი ცრუ ნაბიჯებით, ასეთი ვირეშმაკობით გამოსავალს ვერ იპოვით. ჩიხია ეს უკვე, მით უფრო ახლა სასამართლოა ჩართული და დემონსტრირებაა იმისა, რომ აზელილია ყველაფერი.
რომ დავუშვათ, კუპრაშვილი ფეხზე დადგომით შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და უპატაკებს პარტიას, რომ ისე მოვიქცევი, როგორც მიბრძანებთო, უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც კი არის წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ მიერ სათავისოდ გადადგმული ნაბიჯი. ამ დათმობაზე რომც წავიდეს, ასი ამდენს ამოიღებს სათავისოდ იმიტომ, რომ მათი ბუნება 12 წლის განმავლობაში ასე ჩამოყალიბდა.
ისე დაიზიანა ივანიშვილმა თავისი დანაშაულებრივი, ბრიყვული, ანტიეროვნული, ანტიდასავლური ნაბიჯებით, რიტორიკით და ქმედებებით საკუთარი თავი, რომ ახლა რაც არ უნდა ჩაიდინოს, ვერ ჩვენს თვალში და ვერც დასავლეთის თვალში ის ამ ტალახს ვერ მოიწმენდს. ტალახი ჩვენ უნდა მოვწმინდოთ 26 ოქტომბერს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
“სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გამოუცხადა”, – წერია პრემიერის განცხადებაში.