საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინა განიცდის სამხედრო აგრესიას, საქართველო კი – ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, შიშს. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებით “ქართველი ხალხი გადალახავს ამ ყველაფერს”.
“პროევროპული და დემოკრატიული ძალები საქართველოში ყოველთვის წარმოადგენდნენ უმრავლესობას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%, რუსეთის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, გადაიყვანოს ჩვენი ქვეყანა ევროპული გზიდან, მტკიცედ უჭერს მხარს წლებია საქართველოს ევროპულ გზას და ევროპულ მომავალს. არჩევნები, რომელიც ტარდება 26 ოქტომბერს, იქნება გადამწყვეტი. არსებობს ბევრი ძალა, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოსახლეობის ნების წინააღმდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მომავალი ევროპაშია.
ჩვენს მომავალს იცავენ უკრაინელებიც, ისინი იბრძვიან ევროპის თავისუფლებისთვისაც. უკრაინა დღეს განიცდის სამხედრო აგრესიას, ჩვენ განვიცდით სხვა ტიპის აგრესიას – ჰიბრიდულ ომს, პროპაგანდას, შიშის თესვას, ყველა სახის ზეწოლას, შიშს. გვაქვს ეს რუსული კანონი, რომელიც ამოქმედებულია და ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას. ჩემი აზრით, ამ არჩევნებით ქართველები გადალახავენ ამ ყველაფერს. ქართული ოცნება გახდა მარიონეტი რუსეთის ინტერესებისთვის.
ჩვენ გავიარეთ რუსეთის პროპაგანდა, ხალხი ხედავს, რა ხდება, მაგალითს მოგიყვანთ – გამოფინეს უზარმაზარი საარჩევნო ბანერები მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის. ერთ მხარეს აღწერილი იყო ნგრევა უკრაინაში, მეორე მხარეს კი შენობები საქართველოში, რომელიც კარგ მდგომარეობაშია, ამან გამოიწვია მასშტაბური აღშფოთება მოსახლეობაში, რადგან ეს არ შეესაბამებოდა ქართულ კულტურას, ტრადიციებს”, – თქვა პრეზიდენტმა.