განმუხურში $9.3 მილიონიანი ინვესტიციით ყოფილი დეპუტატი სასტუმროს აშენებს

სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსი „ლაზიკა რეზიდენსი“ შენდება.
კომპანიის ინფორმაციით, სასტუმროს პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი დოლარია.
მიმდინარე პროექტი დაახლოებით 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს.
კომპანია „ლაზიკა რეზიდენსმა“ მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით სასტუმროს დასრულება 2025 წელს არის ნავარაუდევი.
კომპანია „ლაზიკა რეზიდენსს“, რომელიც წლების წინ შპს „განმუხურის სასტუმროს“ სახელწოდებით შეიქმნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განმუხურში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 14 699 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 2012 წელს საინვესტიციო პირობით გადაეცა.
საინვესტიციო პირობა გულისხმობდა: „სასტუმროს საძირკველის მშენებლობის დასრულებიდან 18 თვის განმავლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა. ამ მიზნით 1 000 000 (მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება“. თუმცა პირობის მიუხედავად, მშენებლობის დასრულება რამდენჯერმე გადაიდო.
ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, შპს „ლაზიკა რეზიდენსის“ დირექტორი თეიმურაზ ჩიქოვანია, რომელიც კომპანიის ნახევარს ფლობს. შპს-ს მეწილეები ასევე არიან ბესიკ ჩიქოვანი(33%) და ყოფილი დეპუტატი პაატა გოგოხია (17%).

ასევე დაგაინტერესებთ