ინვესტორებს, ვისაც PPA კონტრაქტები აქვთ გაფორმებული, ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება არ ეკისრებათ – მაია მელიქიძე

ენერგეტიკულI ბირჟა, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისიდან სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, 2025 წლის 1 ივლისამდე ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. პლატფორმაზე ვაჭრობა შეუძლიათ როგორც გენერაციის ობიექტებს [გარდა მარეგულირებელი ჰესებისა], ისე მსხვილ მომხმარებლებს.
2025 წლის 1-ელი ივლისიდან ბირჟა სრულყოფილად უნდა ამოქმედდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებაყოფლობითი რეჟიმიდან სისტემაში ჩართვა ვალდებულების ნაწილი გახდება. GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბირჟაზე ვაჭრობა სავალდებულო არ იქნება იმ ინვესტორებისთვის, რომელთაც მთავრობასთან პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტები აქვთ გაფორმებული.
„რეალურად PPA ვისაც აქვს დღეს გაფორმებული ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, მათთვის არის სასურველი ტარიფი და წინასწარ განსაზღვრული აქვთ დროც, შესყიდვის მოცულობაც, გაყიდვის რაოდენობაც და გაცილებით უფრო სტაბილურია მათთვის პროგნოზების გაკეთება როგორც ფინანსური თვალსაზრისით, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომ ინვესტორის მხარეს რომ ჩავდგეთ და ვიფიქროთ, ლოგიკურია სავსებით, რომ PPA ხელშეკრულება ვისაც აქვს ხელთ, მათთვის რისკზე წასვლა დამატებით რისკზე წასვლაა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა, სტაბილურ თანხის გენერირებაზე უარის თქმაა, რაზედაც პრინციპში არცერთი ინვესტორი კონკრეტულ სიტუაციაში არ წავა, მაგრამ როგორც კი ამოიწურება PPA ხელშეკრულების ვადა, რა თქმა უნდა გარდაუვალი იქნება მათი შესვლა ბირჟაზე”,- აცხადებს მაია მელიქიძე.