მედია: კალაძე განმარტავს, რატომ დახურა მილიონიანი ანგარიშები ევროპულ ბანკებში

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი ამბობს, რომ ევროპულ ბანკებს აღარ ენდობა მას შემდეგ, რაც მათ „გაძარცვეს“.

ამის შესახებ კახა კალაძემ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა, პასუხად კითხვაზე, რატომ აღარ ჩანს მის ქონებრივ დეკლარაციაში სხვა ქვეყნების ბანკებში შენახული აქტივები.

„არ ინერვიულოთ ჩემზე. მე არ ვნერვიულობ და თქვენ რატომ ნერვიულობთ? ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა. ადამიანს, რომელმაც მოიგო ყველანაირი სასამართლო, თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არსებობს. ეს არის სამწუხარო რეალობა. მაგრამ ჩემს ფინანსებზე თქვენ არ ინერვიულოთ. რატომ უნდა შევინახო [ქონება უცხოურ ბანკებში]? ჯერ ნახეთ, ივანიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაძარცვეს. რატომ უნდა ვენდო? რა თქმა უნდა, არ ვენდობი“, — თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა და 2023 წლის მდგომარეობას ასახავს, აღარ ფიქსირდება ანგარიშები სხვა ქვეყნების საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებში. ეს ნიშნავს, რომ მან ეს თანხები უცხოური ბანკებიდან უკვე შარშან გამოიტანა. 2024 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, კახა კალაძეს ანგარიშები მხოლოდ ქართულ ბანკებში აქვს.

  • 2023 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული 4 200 000 დოლარი, რომელიც წლების განმავლობაში ინახებოდა კახა კალაძის ანგარიშზე Intesa Sanpaolo-ში, აღარ ჩანს მის საბანკო ანგარიშებზე არც ქართულ და არც უცხოურ ბანკებში. Intesa Sanpaolo ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ჯგუფია ევროპის მასშტაბით და იტალიის ყველა ბიზნესსექტორს შორის ლიდერი კომპანიაა. სამაგიეროდ, ზუსტად 4 200 000 დოლარის მოცულობის სესხი კახა კალაძეს იურიდიულ პირთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე სესხად აქვს გაცემული 2023 წლის 6 მარტს, 2028 წლის 6 მარტამდე.
  • კალაძის ქონებრივ დეკლარაციებში 2023 წლიდანვე აღარ ჩანს შვეიცარიაში, კერძო საბანკო კორპორაცია Juliues Baer-ში დაცული სოლიდური ქონება 3.6 მილიონზე მეტი ევროსა და 765 000 დოლარის მოცულობით. Julius Baer რიგით მეორეა შვეიცარიულ ბანკებს შორის და მსხვილი კერძო ბანკია. წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკის სახელს არაერთი სკანდალი დაუკავშირდა. მაგალითად, ეს ბანკი ამოტივტივდა ვენესუელელი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სკანდალებში, ასევე მოუწია გამოძიებასთან შეხება FIFA-ს კორუფციული სქემების საქმეში. ბანკი ცნობილია იმით, რომ კლიენტების კონფიდენციალურობას უმაღლესი სტანდარტით იცავს.

ბიძინა ივანიშვილს დავა აქვს არა ბევრ ევროპულ ბანკთან, არამედ ერთთან, გაკოტრებულ შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან”. ივანიშვილისა და ბანკის დავა სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარეობს და ჯერჯერობით არ დასრულებულა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ