“ჩემი ხმა ევროკავშირს” ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას

“ჩემი ხმა ევროკავშირს” ეხმაურება კოალიციის თავმჯდიმარე ორგანიზაციის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას. კოალიციის ერთ-ერთმა სპიკერმა, ლონდა თოლორაიამ ანტიკორუფციული ბიუროს ეს გადაწყვეტილება სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მიზანმიმართულ შეტევად შეაფასა.
“მიმდინარეობს მიზანმიმართული შეტევა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რისთვისაც ხელისუფლება ინსტრუმენტად იყენებს როგორც ანტიკორუფციულ ბიუროს, ასევე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. წინა კვირაში, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ქოლგის ქვეშ არსებულმა ანტიკორუფიცულმა ბიურომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და კოალიციის [“ჩემი ხმა ევროკავშირს”] თავმჯდომარე ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება. ეს უკანონო გადაწყვეტილება, როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუში, უკვე გასაჩივრებულია. თუმცა ამ აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებას”, – განაცხადა თოლორაიამ სოციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარლამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ასევე ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორია. ამჟამად ხელმძღვანელობს ორგანიზაციას – “კანონის უზენაესობის ცენტრი”.
ცენტრი ერთ-ერთია იმ 30 ორგანიზაციას შორის, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ კამპანიაზე “ჩემი ხმა ევროკავშირს”. კამპანიის მიზანია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა, პროდასავლური ამომრჩევლის მობილიზება და ს დღეს ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ხმების დაცვა. ამ მიზნით ორგანიზაციებმა შექმნეს ერთობლივი სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა”. ისინი მისიაში მონაწილეობისთვის იწვევენ მოქალაქეებს, რომლებსაც ჯერ გადაამზადებენ, შემდეგ კი უბნებში გაანაწილებენ. მათი თქმით, მზად არიან, ერთობლივი ძალებით დააკვირდნენ 3030-ვე საარჩევნო უბანს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა საქართველოში, დღეს, 30 სექტემბერს განაცხადა, რომ არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდებიან. ამის მიზეზი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომელმაც TI და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ბიუროს დასაბუთება მეტწილად სწორედ “ჩემი ხმა ევროკავშირს” კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და ეკა გიგაურის მასში მონაწილეობას ეფუძნება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ