კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: „მივმართავ ყველას, ვისაც წლებია წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტში!“

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ყველა დროში, ნაძირლები ცდილობენ, თავიანთი ამაზრზენი ნაბიჯები შეფუთონ რელიგიის, მორალისა და პატრიოტიზმის სახელით. ეს სიტყვები გერმანელ პოეტსა და მოაზროვნეს, ჰაინრიხ ჰაინეს ეკუთვნის და ვინმეს ხომ არ გაგონებთ? ჩემი აზრით, ზედგამოჭრილია „არშემდგარ ოცნებაზე“. ამიტომ, როცა მესმის, რომ თბილისში და სხვა მსხვილ ქალაქებში „ოცნებას“ ამომრჩევლის 21 % უჭერს მხარს და რეგიონებში მეტიც კი, ძალიან მიკვირს, მაგრამ მახსენდება უფასო ფული, გაზი, ბენზინი, ივანიშვილის პირადი ფინანსური სახსრების 90%-ის ხალხისთვის მოხმარება (არადა, მისი 7,5 მილიარდიდან თეთრიც არავის უნახავს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მომავალში ეს დაპირება მშვიდობიანად შევასრულებინოთ), 2017 წელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 2020 წლის გამარჯვება „დაუბრუნებელი გარეჯით“, წყალტუბო, ანაკლია, როგორც პორტი, ისე კურორტი და სხვა ათიათასობით წვრილი თუ მსხვილი ტყუილი.
12-წლიანი სიცრუისა და იმედგაცრუების ფონზე, როგორ შეიძლება, 30%-მდე მხარდაჭერა ჰქონდეს „ოცნებას“?! როგორ და: 1. ხალხის ნაწილი ისევ ტყუვდება. 2. ნაწილი თავს იტყუებს, პირადი სარგებლის გამო. აი ეს მეორე ნაწილი მოღალატე ხალხია, რადგან შაურად ყიდიან სამშობლოს. ზუსტად მათზე საუბრობს ჰაინრიხ ჰაინეც.
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, პოლიტიკაში მოვედი როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა ქვეყნისთვის და ვთანამშრომლობდი ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იმ მოცემულობაში, გარკვეულ სტრატეგიულ საკითხებზე ჩემი მოკავშირეები იყვნენ. ასე ვაგრძელებ ახლაც. ყველა გამოკითხვით, ჩვენს ერს სურს, გახდეს ევროპის ნაწილი, ამიტომ ვაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას იმ პლატფორმიდან, რომელიც ამ საქმეს საუკეთესოდ მოემსახურება.
თავად ავირჩიე პოლიტიკური პარტიაც და საარჩევნო ნომერიც სიაში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მე მიცნობს და ვისაც წლებია წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტში, მხარი დამიჭიროს არამარტო მე, არამედ ოპოზიციას და ამით მთელს ქვეყანას, რათა ერთად განვავითაროთ და წინ, ევროპაში წავიყვანოთ საქართველო.
დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების კოალიცია გაიმარჯვებს მშვიდობიანად, ღირსებით და გვეყოლება ახალი, პროდასავლური და პროგრესული ხელისუფლება!“ – წერს კახა ოქრიაშვილი.
NS