ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები მარჯანიშვილზე 13 სართულიანი საოფისე შენობის მშენებლობას გეგმავენ – შეცვლილი პროექტის დეტალები

ვირჯინიელი და სენტ-ლუსიელი „უცნობი“ ინვესტორები თბილისის ცენტრში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ, 13-სართულიანი საოფისე შენობის მშენებლობას გეგმავენ. პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, ინვესტორების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად გაურკვეველია, ცნობილია მხოლოდ ის რომ უძრავი ქონების მესაკუთრე შპს „ახალ ვარსკვლავია“, მაგრამ ვინ არის კომპანიის რეალური მფლობელი, ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის.
არქიტექტურის სამსახურისგან შპს „ახალ ვარსკვლავმა“ არსებული მრავალსართულიანი ნაგებობის დემონტაჟის ნებართვა უკვე მიიღო და ამ ეტაპზე 13 სართულიანი საოფისე შენობის ესკიზის შეთანხმებას ელოდება. როგორც განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, წინა პროექტი 15 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებდა, თუმცა ახალი ესკიზის მიხედვით ის საოფისე შენობა იქნება, გარდა ამისა რადიკალურად იცვლება ვიზუალიც.
მრავალსართულიანი ნაგებობა წლების წინ „თბილქალაქპროექტის“ ოფისს წარმოადგენდა. 3398 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობა აუქციონის გზით 2020 წელს გაიყიდა.
უძრავი ქონების მფლობელი შპს „ახალი ვარსკვლავია“, რომლის 50%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „კარლისტონ ვენჩერს“ ფლობს, 25%-ს სენტ-ლუსიაში რეგისტრირებული კომპანია – „გრინთრი ჰოლდინგს“, ხოლო 25%-ს კი – საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კვიციანი, რომელიც ამავე დროს „ახალი ვარსკვლავის“ დირექტორია. ავთანდილ კვიციანი ბიზნესმენ სულხან პაპაშვილის პარტნიორია, ის პაპაშვილის კომპანია შპს „თერგი XXI“-ის დირექტორიცაა.
ვერჯინიასა და სენტ-ლუსიაში რეგისტრირებული კომპანიები შპს „კამარა ენერჯის“ საბოლოო მფლობელებიც არიან, კომპანია ყაზბეგში „კამარა ჰესის“ მშენებლობას გეგმავს, რომელსაც მოსახლეობა აპროტესტებს. აღნიშნული კომპანიის დირექტორი ლევან მატუაა. ის ხელმძღვანელობს შპს „ბინგრინ ჯორჯიასაც“, რომლის 100%-იან წილს ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში დარეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ბინგრიინ ლიმითედი“ ფლობს. ამ კომპანიის 75% გიორგი კუხალეიშვილს ეკუთვნის, 25% სულხან პაპაშვილს.
ლევან მატუაა შპს „ისკაპ ლიმიტედის“ დირექტორიც, რომლის 60%-ის მესაკუთრეც სულხან პაპაშვილია. იგი ს დეიდაშვილის, საქართველო-ს ორმაგი მოქალაქე უჩა მამაცაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი და ბისზნესპარტნიორია.
რაც შეეხება გიორგი კუხალეიშვილს, მან 2020 წელს ბრიტანეთში დააფუძნა კომპანია GWP WINES AND SPIRITS LIMITED, რომლის ნაწილიც რამდენიმე თვეში უჩა მამაცაშვილზე გააფორმა. ამ კომპანიის წილებს უჩა მამაცაშვილთან და გიორგი კუხალეიშვილთან ერთად ფლობს ვახტანგ კარიჭაშვილი. ისიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ფლობს შპს „Bolero & Company“-ის წილის 100%-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი