უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო

უკრაინამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, ევროკავშირთან კონსულტაციები დაიწყო – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონსულტაციების პირველი რაუნდი პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული საგარეო სამოქმედო სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩარლზ ფრისთან გამართა.
კონსულტაციების დროს მხარეებმა ევროკავშირის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიების მიმართ ხედვები გაცვალეს და აქცენტი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე გააკეთეს.
ჟოვკვამ აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში თავისთავად იქნება უკრაინისა და მთლიანად ევროპული საზოგადოების უსაფრთხოების მძლავრი გარანტია.
მან აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, კერძოდ, ევროპის მშვიდობის ფონდისა და ევროკავშირის სასწავლო მისიის მხარდაჭერით.
ჟოვკვამ უკრაინის პრეზიდენტის სახელით ჩარლზ ფრისს ღირსების III ხარისხის ორდენიც გადასცა – უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და მხარდაჭერისთვის შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მსგავსი კონსულტაციები ნოემბერში გერმანიასთან და იტალიასთან, იქამდე კი ნიდერლანდებთან და საფრანგეთთან დაიწყო.
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ჩარჩო დოკუმენტზე “დიდი შვიდეულის” წევრი ქვეყნები ზაფხულში, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ. დეკლარაციას უკვე შეუერთდა 30 ქვეყანა.