აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰელენის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 105-მდე გაიზარდა. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის მხოლოდ ერთ ოლქში, ბუნკომის ოლქში სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე ადამიანი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა „ჰელენმა“ შტატი მოიცვა და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია.
„ჩვენ გვაქვს ბიბლიური განადგურება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტიქიური უბედურება, რომელიც რომელიმე ჩვენგანს ოდესმე უნახავს“, – განაცხადა ბუნკომის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა, რაიან კოულმა.
CBS-ის ცნობით, ხუთშაბათიდან, მას შემდეგ რაც ქარიშხალი „ჰელენი“ ფლორიდას დაატყდა თავს, ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა და მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, როდესაც ოფიციალური პირები უფრო მეტ ტერიტორიამდე მიღწევას შეძლებენ. დაღუპულთა უმეტესობა დადასტურებულია ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, რომლებსაც „ჰელენი“ ტროპიკული ქარიშხლის სახით დაატყდათ თავს.
გადარჩენილთა ძებნა გრძელდება და ექვს შტატში, მათ შორის ფლორიდასა და ჯორჯიაში, ფედერალური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ „ჰელენი“ საგრძნობლად შესუსტდა, სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერი ქარი, წყალდიდობა და ტორნადოების საფრთხე შეიძლება გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით