„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთობის რღვევა გრძელდება – ამჯერად, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოს წევრები უერთდებიან. 13 წევრიდან პარტია უკვე დატოვა 7-მა.
„ბოლო 1 წლის განმავლობაში, საზოგადოებისგან ხშირად გვესმოდა: რას აპირებთ, თუ ერთობა არ არის, რამდენ ხანს უნდა იყოთ ერთად და ა.შ. ჩვენ ვიყავით მანამ, სანამ ვხედავდით თეორიულ შანსსაც, რომ ერთობა შენარჩუნებულიყო, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ამის სურვილს საჯაროდ გამოთქვამდა მიხეილ სააკაშვილიც. სანაცვლოდ, პასუხად მივიღეთ მგლის ბილეთები, ბატონი ხაბეიშვილის ისეთი ფორმით მიღებული გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ნებისმიერი პრობლემა თუ პრეტენზია, უნდა იყოს არა ხაბეიშვილის მიმართ გამოხატული, არამედ სააკაშვილის მისამართით, რადგან მთავარ გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს.
რაც შეეხება მმართველ პარტიას – მისი წევრების შეფასებით, ”ნაციონალურ მოძრაობაში”, შესაძლოა, პროცესები შეუქცევადი გახდეს.
„ადამიანები გარბიან ამ პარტიიდან და ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მალე გაფორმდება ამ პარტიის, სულ მცირე, ორ ნაწილად დაშლით, ან, შეიძლება, უფრო მრავალ ნაწილად. რასაც დასთეს, იმას მოიმკიო – როგორი უკუღმართი თესლიც ჩააგდო ნიადაგში მიხეილ სააკაშვილმა თავის დროზე, როცა ქმნიდა ამ ავაზაკთა დაჯგუფებას, დაგვიანებით, მაგრამ 20 წლისთავზე, თავისი შედეგი მაინც გამოიღო,“ – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი.