დანიაში ვიკინგების დიდი სამარხის გათხრებისას არქეოლოგებმა ადამიანის 50 იდეალურად შენახული ჩონჩხი აღმოაჩინეს.
ჩონჩხების მდგომარეობიდან გამომდინარე, მეცნიერები დნმ-ის ანალიზის ჩატარებასაც შეძლებენ. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ აღმოჩენილი მასალის შემდგომი შესწავლა ვიკინგების ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის გაგებაში დაგვეხმარება.
“უზარმაზარი სამარხი”, რომელშიც ჩონჩხები აღმოაჩინეს, კუნძულ ფუნენის (დანია) სოფელ ოსუმის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამარხს 9-11 საუკუნეების პერიოდში იყენებდნენ.
არქეოლოგისა და ოდენსეს მუზეუმის ხელმძღვანელის მაიკლ ბორე ლუნდის თქმით, ასეთი რაოდენობით კარგად შემონახული ჩონჩხის პოვნა “ნამდვილად უჩვეულო აღმოჩენაა”
მკვლევარი თვლის, რომ ამ მხარეში წყლის მაღალი დონე და ნიადაგის ხელსაყრელი პირობები ხელს უშლიდა ვიკინგების ნაშთების დაშლას, რაც მათ კარგ მდგომარეობაში შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.
“ნამდვილად უჩვეულოა ამდენი კარგად შემონახული ჩონჩხის ერთდროულად პოვნა. ასეთი აღმოჩენა გვაძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას საბუნებისმეტყველო მეცნიერების ანალიზების ფართო სპექტრის ჩასატარებლად, რაც დამარხული ადამიანების საერთო ჯანმრთელობის, მათი კვების და მათი წინაპრების შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის. ასევე შესაძლოა დავადგინოთ, იყვნენ თუ არა აღმოჩენილი ადამიანები ერთმანეთთან მონათესავე ურთიერთობაში” – ამბობს მაიკლ ბორე ლუნდი.
“ზოგადად, ვიკინგების საფლავების ამოთხრისას, ეგეც თუ გაგვიმართლა, რაღაც ნივთების გარდა ორ კბილს თუ ვიპოვით. აქ კი კარგად შენახული მთლიანი ჩონჩხებია. საოცარია, კიდურებზე ხუთ-ხუთი თითია, ეს შესაძლებლობების სრულიად ახალ პერსპექტივას გვაძლევს” – თქვა ოდენსეს მუზეუმის ხელმძღვანელმა.
ნამარხებში, ჩონჩხების გვერდით ასევე აღმოაჩინეს ისეთი იშვიათი ნივთები, როგორიცაა დანები, მინის მარგალიტები, ყელსაბამები. არქეოლოგების აზრით, რამდენიმე ჩონჩხი სავარაუდოდ მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენელი იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა ნივთებია მათ გვერდით დაკრძალული. თუმცა, ნაპოვნი ადამიანების უმეტესობა, სავარაუდოდ, ფერმერი იყო.
წყარო: ტაბულა