ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური (ISS) იძიებს, გაამჟღავნა თუ არა თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა სახელმწიფო საიდუმლოებები ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებილისთვის (Vikerraadio ERR) სექტემბრის თვეში მიცემულ ინტერვიუში. თავად პევკური საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
არაოფიციალური ინფორმაციით, შიდა უსაფრთხოების სამსახურში განცხადება თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა შეიტანა და ის 2 სექტემბერს „ვიკერაადიოს“ შოუ „ვოლისტუნდში“ გამოსვლისას მინისტრ ჰანო პევკურის გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა. აღნიშნულ გადაცემაში ჰანო პევკურმა ნატო-ს თავდაცვის გეგმებზე ისაუბრა.
სამშაბათს, 24 სექტემბერს, პევკურმა აღიარა, რომ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მისთვის ცნობილია და იქვე თქვა, რომ მისი სინდისი სუფთაა.
„ზუსტად ვიცი, რომ არცერთ ინტერვიუში არ გამიმჟღავნებია რაიმე საიდუმლო დოკუმენტი ან სახელმწიფო საიდუმლოება. დიახ, ისიც ვიცი, რომ რაღაც იძიებენ“ – აღნიშნა პევკურმა „აქტუალურ კამერასთან“ („Actualen Caamera“) ინტერვიუში, როდესაც უპასუხა კითხვას, მართალია თუ არა, რომ ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურში მის წინააღმდეგ საჩივარია შეტანილი.
„თუმცა, ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელიც უშუალოდ არის პასუხისმგებელი სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე, დაადასტურა, რომ გაჟონვა არ ყოფილა. ამიტომ, გამოძიება ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს და ბუნებრივია, სინდისი სუფთა მაქვს. მე გავაგრძელებ ესტონეთის სახელმწიფოს დაცვას“, – ამბობს პევკური.
„ფაქტია, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, საჯაროდ ავხსნათ, რას ვაკეთებთ ეროვნული თავდაცვის სხვადასხვა სფეროში. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება დიდ თანხებს, რომლის ხარჯვა გამჭვირვალე და დასაბუთებული უნდა იყოს“, – განაგრძობს თავდაცვის მინისტრი.
კითხვაზე, მიიღო თუ არა რაიმე ზომები მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანაზე, პევკურმა უპასუხა: „მე არ შემიძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება იმაზე, თუ რა ხდება ამ საჩივრის ირგვლივ. მხოლოდ ის ვიცი, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების დეპარტამენტმა ეს საკითხი განიხილა და პრობლემა ვერ აღმოაჩინა“.
„მე შემიძლია ვივარაუდო, ჩემს რომელ ინტერვიუს შეეხება საქმე, მაგრამ ასევე შემიძლია დავადასტურო, რომ ის რაიმე კონფიდენციალურ ინფორმაციას არ შეიცავს“, – განაცხადა მინისტრმა, როდესაც ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომელ ინტერვიუს შეეხებოდა საჩივარი.
თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივანი, კაიმო კუუსკა მიიჩნევს, რომ პევკურს არაფერი დაუშავებია.
„თავდაცვის სამინისტროს უშიშროების დეპარტამენტმა ჩაატარა ანალიზი და დაადასტურა, რომ შოუ „ვოლისტუნდში“ ჰანო პევკურის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას ან საიდუმლო საგარეო ინფორმაციას. მინისტრის განცხადებებს ესტონეთისთვის ან ნატო-სთვის ზიანი არ მიუყენებია“, – ნათქვამია კუუსკას წერილობით კომენტარში.
წყარო: 1tv.ge