ნორვეგია ევროკავშირს თევზჭერის კვოტების გამო უპირისპირდება

„ნორვეგია ევროპის მეგობარია, მაგრამ ჩვენ საკუთარი ინტერესებიც უნდა გვახსოვდეს“, – განუცხადა ესპანეთის თევზჭერის მინისტრმა, ლუის პლანას პუხადესმა ნორვეგიულ საინფორმაციო სააგენტო NTB-ს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ქვეყნების თევზჭერისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნორვეგიასთან ევროკომისიის მოლაპარაკებების დღის წესრიგის განსაზღვრა იყო, რომელიც, ძირითადად, ჩრდილოეთის ზღვასა და შპიცბერგენის არქიპელაგის სანაპიროზე ვირთევზას რეწვის კვოტებებს შეეხება. პუხადესის თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება გართულდეს მას შემდეგ, რაც კვოტების საკითხზე გადაწყვეტილება ნორვეგიამ ცალმხრივად მიიღო.
„კვოტებთან დაკავშირებით ნორვეგიის მიერ ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯი არ მოგვწონს. მის შესახებ ღიად უნდა ვიმსჯელოთ და ევროკავშირისა და მისი ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესები არ დავივიწყოთ. ეს იქნება ჩემი მთავარი გზავნილი ევროკომისიისთვის“, – აცხადებს ესპანელი მინისტრი.
ნორვეგიასთან მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა, ევროკომისია წარმართავს. მინისტრებმა ამ მოლაპარაკებების მხოლოდ დღის წესრიგი განსაზღვრეს, „საბრძოლველად“ კი ევროკომისია უნდა მოემზადოს. მან ცოტა ხნის წინ წარმოადგინა წინადადება, რომ მტვერი მოაცილონ ჯერ კიდევ 2012 წელს შემოღებულ რეგულაციას, რომელიც თევზჭერაში არასათანადოდ ჩართული სახელმწიფოების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღების საშუალებას იძლევა.
ევროკომისიის წინადადების მიზანია, რეგულაციით გათვალისწინებული სანქციების პირობების დაზუსტება, რაც შეიძლება შესაბამისი ქვეყნებიდან იმპორტზე შეზღუდვების ან საერთოდ აკრძალვის დაწესებას ნიშნავდეს.
ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს ყველაფერი, შესაძლოა“, ნორვეგიის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედოს ნორვეგიის თევზჭერის ინდუსტრიაზე – ევროკავშირის ქვეყნებში ხომ ნორვეგიული ზღვის პროდუქტების თითქმის სამოცდაათი პროცენტი იყიდება!
ეს პოზიცია („სინანულის გამოთქმა“) საინტერესოა, მაგრამ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ამ ზაფხულს ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას უფრო დეტალურად განვიხილავთ. ის შეეხება დასავლეთ ევროპის იმ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან – მათ შორის ნორვეგიას, ისლანდიას და ლიხტენშტეინს.
რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც ნორვეგიას ეხება, მინისტრთა საბჭო მჭევრმეტყველად საუბრობს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე, მაგალითად, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება თევზჭერას, ისეთი განსხვავებული ტონი და ენა გამოიყენება, რომელიც ამ ტიპის დოკუმენტებში ხშირად არ გვხვდება:
„საბჭო წუხს, რომ ბოლო წლებში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ჩრდილო ატლანტიკის აღმოსავლეთ ნაწილში თევზჭერის ორგანიზებაზე, ისევე აღსანიშნავია ნორვეგიის სურვილის ნაკლებობა, ითანამშრომლოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკური საბჭოსთან (North-East Atlantic Council), განსაკუთრებით -შპიცბერგენთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამავე კუთხით უნდა შეფასდეს არქტიკაში ვირთევზას რეწვის საკითხებში ევროკავშირის ტრადიციული როლის გაუთვალისწინებლობა“.
ამ კონტექსტში, რამდენჯერმეა გამოყენებული სიტყვათწყობა „სინანულის გამოთქმა“, მათ შორის მაშინ, როდესაც საუბარია ოფიციალური ოსლოს ინიციატივაზე, რომ ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თევზსაჭერი გემების შესვლაზე დაწესდეს შეზღუდვები.
ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის დავის და ამ დავის მონაწილეების მოსაზრებების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, მაგრამ თუ მედიასაშუალებებს ვენდობით, უთანხმოება, ნაწილობრივ, ბრექსიტის შედეგებს ეხება. ევროკავშირი და ნორვეგია დიდი ხნის განმავლობაში ცვლიდნენ კვოტებს ჩრდილოეთის ზღვაში, მაგრამ როდესაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, რა თქმა უნდა, თან წაიღო ჩრდილოეთის ზღვაში ბრიტანეთის იურისდიქცია, რამაც ევროკავშირი, კვოტების გაცვლის შეთავაზების კუთხით, უარეს მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, ნორვეგიელებს ეს ნაკლებად აინტერესებთ. როგორც ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ზემოთ მოყვანილი რეზოლუციიდან ჩანს, ასევე არსებობს დავა შპიცბერგენის მიმდებარე წყლებში ვირთევზას რეწვის კვოტებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დავა უშუალოდ სკუმბრიას არ ეხება, მაინც უტყუარი ფაქტია, რომ ნორვეგიამ, ფარერის კუნძულებმა და დიდმა ბრიტანეთმა ამ ზაფხულს სკუმბრიის შესახებ სამწლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამ სამი ქვეყნის გარდა, შეთანხმებაში მონაწილეობდნენ ისლანდია, გრენლანდია და ევროკავშირი. სკუმბრიის რეწვის მთლიანი კვოტა ამ ეტაპზე დაახლოებით 740 000 ტონაა.
მაგრამ ბოლო წლებში ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა იმაზე, თუ როგორ უნდა გაიყოს საერთო კვოტა იურისდიქციის მქონე ექვს ქვეყანას შორის. დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიასა და ფარერის კუნძულებს შორის შეთანხმება კი ნიშნავს, რომ ეს სამი მონაწილე მხარე საერთო კვოტის სამოცდაათ პროცენტზე მეტს მიიღებს.
ამ საკითხით დაინტერესებული ისლანდიური მხარე აღნიშნულ სიახლეს უკმაყოფილებით შეხვდა. „ისლანდიის თევზის რეწვის“ („Fisheries Iceland“) მიერ ივნისში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამი სახელმწიფო დიდ წილს იღებს ისე, რომ თევზის მარაგების დაცვაზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს.
დავუბრუნდეთ ნორვეგიას: ორშაბათს აქ გამართულ ევროკავშირის მინისტრთა შეხვედრაზე, როგორც ჩანს, მიღწეული იქნა შეთანხმება ნორვეგიასთან მოლაპარაკებების პოზიციის შესახებ. ეს მოლაპარაკებები მალე უნდა დაიწყოს და, მისი მიმდინარეობის დროს, სავარაუდოდ, განიხილება 2012 წლის რეგულაციების გამკაცრების წინადადება, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძნელია შეფასდეს სხვაგვრად, ნორვეგიისთვის მუქარის შეთვლის გარდა. ამ კონტექსტში, ესპანეთის თევზჭერის მინისტრი პუხადასი ოსლოს შეახსენებს, რომ ნორვეგია ევროპულ ბაზარზე თავისი ზღვის პროდუქტების ექსპორტით დიდად არის დაინტერესებული. „ჩვენ ევროკავშირის მეთევზეთა კომპანიების ინტერესებიც უნდა დავიცვათ“, – ამბობს ის და იქვე შენიშნავს, რომ „შეთანხმების მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია“.
იმპორტის შესაძლო აკრძალვის შესახებ რეგულაცია ამჟამად ევროპარლამენტისა და მინისტრთა საბჭოს მიერ იხილება და არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის არ დამტკიცდება.
მომდევნო თვეში დაიწყება ტრადიციული მოლაპარაკებები ჩრდილო-აღმოსავლეთ ატლანტიკის საერთო დასაწყისში ექსპერტების რჩევები განიხილება და შემდეგ გადაწყდება მომავალი წლის მთლიანი კვოტა. მაგრამ ბოლო წლების გამოცდილების საფუძველზე, რომ აღარაფერი ვთქვათ გასული ზაფხულის შეთანხმებაზე, მცირე შანსია, რომ უახლოეს მომავალში მიღწეული იქნება შეთანხმება კვოტის დაყოფაზე.

ასევე დაგაინტერესებთ