მეცნიერები დედამიწის დაცვას არმაგედონის სტილში ცდილობენ

ბირთვულ აფეთქებას შეუძლია, დედამიწა ასტეროიდთან ფართომასშტაბიანი შეჯახებისგან დაიცვას. ჩვენი პლანეტის გადარჩენის ეს მეთოდი, რომლის შესახებაც მეცნიერები ბევრს კამათობენ, ხოლო ჰოლივუდის რეჟისორები დიდი ხანია ოცნებობენ, ამერიკული სახელმწიფო ლაბორატორია „სანდიას“ მკვლევარებმა ექსპერიმენტის დროს გამოსცადეს.
სამეცნიერო ჯგუფის აზრით, კატასტროფის თავიდან აცილება ბირთვული აფეთქებით გამოწვეული ძლიერი რადიაციის საშუალებით შეიძლება. ამან შეიძლება საშიში ასტეროიდის ზედაპირი 10 000 გრადუსამდე გაახუროს და ის გაფართოებულ გაზად გადააქციოს, რომელიც ასტეროიდს მისი ორბიტიდან გადაახვევინებს.
„სხეული ერთი მიმართულებით აორთქლდება და ასტეროიდს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს“, – ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ნათან მური. „ეს ასტეროიდს, ფაქტობრივად, რაკეტად აქცევს“, – განუცხადა მან ბრიტანულ „გარდიანს“.
ასტეროიდებთან კატასტროფული შეჯახება დედამიწის ისტორიაში იშვიათია, მაგრამ არა შეუძლებელი. ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას 66 მილიონი წლის წინ დაეჯახა და დინოზავრების დომინირება დაასრულა, ათ კილომეტრზე ნაკლები სიგანის იყო. საშიშროებას წარმოადგენს პატარა სხეულებიც – 2013 წელს, ს ქალაქ ჩელიაბინსკის თავზე, დაახლოებით 18 მეტრი სიმაღლის მეტეორიტი აფეთქდა, რის შედეგად 1200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საფრთხის ეგზისტენციალური ბუნების გათვალისწინებით, მეცნიერები სხვადასხვა სტრატეგიაზე მუშაობენ, რათა შესაძლო მასიური დარტყმებისგან ჩვენი პლანეტის დაცვის საუკეთესო ვარიანტები შეარჩიონ. 2022 წელს -ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსური აპარატი „დარტი“ (DART) განზრახ დაეჯახა დიმორფოსს – ასტეროიდ დიდიმოსის „პატარა მთვარეს“. ეს მისია წარმატებით დასრულდა, მაგრამ რეალური საფრთხის შემთხვევაში, ასეთი ოპერაცია შეჯახებამდე რამდენიმე წლით ადრე უნდა ჩატარდეს.
ბირთვული ვარიანტი შემოთავაზებული იქნება უფრო დიდი ზომის ასტეროიდების შემთხვევაში და ისიც მაშინ, თუ ჩარევისთვის ცოტა დროა დარჩენილი. მურმა და მისმა კოლეგებმა თავიანთი თეორია ექსპერიმენტის გზით გამოსცადეს, რომლის დროსაც ასტეროიდის მაკეტი რენტგენის ინტენსიური გამოსხივებას ქვეშ მოაქციეს. მოგვიანებით, ჟურნალ Nature Physics-ში მკვლევარებმა დეტალურად აღწერეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკულად ანალოგიური მოდელი ოთხ კილომეტრამდე ან უფრო დიდი ზომის ასტეროიდების შემთხვევაში.
„საკმარისი დრო თუ გვექნება, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ასტეროიდების განეიტრალებასაც მოვახერხებთ“, – ამბობს ნათან მური.

ასევე დაგაინტერესებთ