ბანკებს საქართველოში აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა, ლონდონის ბირჟა ჩვენთვის სუსტი წერტილია – პაატა შეშელიძე

“ბოლოს და ბოლოს ბანკებმა უნდა თქვან, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ეს არც ბანკებს აწყობს და არც ქვეყანას,” – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ, განუცხადა.
ეკონომისტი მიანიშნებს ბანკების, როგორც ბიზნესის, პასუხისმგებლობაზე.
“ისინი მთავრობას კი არ უნდა ელაქუცებოდნენ, არამედ, უთხრან რასაც ფიქრობენ. ხომ ცხადია, რომ მთავრობა დიქტატურის დამყარებას ცდილობს. ხელისუფლების ავტორიტარული გამოვლინებების მიმართ ბანკების წარმომადგენლები პირველი უნდა იღებდნენ ხმას და ამ პროცესს შორიდან არ უნდა უყურებდნენ. ჩემი აზრით, ისინიც და სხვებიც განსაკუთრებულად სამარცხვინოდ იქცევიან,” – ამბობს პაატა შეშელიძე და იმასაც ამატებს, რომ ამჟამად ბანკებს საქართველოში აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა. ამის მიზეზი კი. ეკონომისტის მტკიცებით, ისაა, რომ საქართველოში არ შემოდის სერიოზული უცხოური ბანკი.
“ჩვენს ბანკებს აქვთ თავიანთი ნიშა და აწყობთ ის ვითარება, რომელშიც არიან და ჰგონიათ, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს. ბანკები კონკურენციის თავის არიდების გამო თანამშრომლობენ მთავრობასთან. მხედველობაში მყავს მსხვილი ბიზნესი, ერთი-ორის გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად კოლაბორაციაში ხელისუფლებასთან. ბიზნესმენების ნებისმიერი თავყრილობა ემსახურება ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას და პროცესების ნეგატიურად განვითარების განმტკიცებას. ისინი მონურად ემორჩილებიან ამ საშინელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესს,” – აცხადებს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი და ამატებს, რომ ამას ქვეყნის მომავალი ეწირება.
“მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლება არასწორი ნაპირისკენ სვლის პოლიტიკას ატარებს. ასე რომ ამ პროცესში რომ ბანკები, თან აბსოლუტურად ყველა თანამონაწილეობს, ფაქტია,” – აცხადებს პაატა შეშელიძე და მიანიშნებს იმაზეც, რომ განათლებული დიქტატურები, როგორც წესი, ეკონომიკური ჯგუფებს კარს უხსნიან და ცდილობენ ეკონომიკის ხელში დაჭერას და მაგალითად მოჰყავს ჩინური და ჩრდილო კორეული მოდელი.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს,პაატა შეშელიძე ფიქტობს, რომ შესაძლოა, მოკლევადიანი სპეკულაციური დარტყმა გაგრძელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, შეშელიძის აზრით, ლონდონის ბირჟა ჩვენთვის სუსტი წერტილია და ვისაც შეუძლია ის ითამაშებს.
კითხვაზე, ლონდონის ბირჟაზე კიდევა თუ არა მოსალოდნელი ქართული აქციების ვარდნა, შეშელიძეს ერთმნიშვნელობანი პასუხის გაცემა უჭირს.
“ძნელი სათქმელია ლონდონის ბირჟაზე კვლავ იქნება თუ არა ქართული აქციების ვარდნა. შესაძლოა, ეს იყო მოკლევადიანი სპეკულაციური დარტყმა, შეიძლება გაგრძელდეს, შესაძლოა არც გაგრძელდეს. ლონდონის ბირჟა ჩვენთვის სუსტი წერტილია და ვისაც შეუძლია ის ითამაშებს. საქართველოზე ნეგატიურ ინფორმაციას მიაწოდებს აქციების მფლობელებს. ვინ ახორციელებს ჩვენს სუსტ წერტილში დარტყმას, ამდენი ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ფინანსური სპეკულანტები არიან ამით დაკავებული. არაა გამორიცხული ამას თავად ბანკები აკეთებდნენ, ან ისინი, ვინც ამაში ჩვენს პოლიტიკურ სისუსტეს ხედავს. ხედავს, რომ ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის. აქციების ფლობა ნიშნავს იმას, რომ მე დღეს თქვენ ფული მოგეცით, მაგრამ ეს ფული ხვალ უნდა დაგიბრუნოთ. ინვესტორი თუ ხვდება, რომ ქვეყანაში შესაძლოა არეულობა მოხდეს, იწყებს აქციების პანიკურად გაყიდვას რომ საერთოდ არ წააგოს და ფული ცოტა მაინც დაიბრუნოს. ვიღაც ამ თემას ამუშავეს და აქციების მფლობელებს ეუბნება – თუ აქციები ახლა არ გაყიდა, შესაძლოა, შემდეგ ეს ფული ვეღარ მიიღოს, რადგან იქ რაღაც იცვლება. როგორც ვთქვი, სპეკულანტები სუსტ წერტილებს ეძებენ. არაა გამორიცხული ისიც, რომ ვიღაცა დაარწმუნეს რომ აქციები გაყიდოს, მაგრამ ხვალ ისევ აყიდვინონ. მაგრამ, თუ ლონდონის ბირჟა სუსტი წერტი არა, სპეკულანტები აქციებით მანიპულაციის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ,” – განმარტავს პაატა შეშელიძე.