გალფის რეგიონი ქართულმა ბიზნესმა საკმარისად ჯერ ვერ აითვისა – თემო მიქელაძე

ვფიქრობ, გალფის რეგიონი ქართულმა ბიზნესმა საკმარისად ჯერ ვერ აითვისა, – ამის შესახებ დუბაიში ახალდაფუძნებული საქართველოს ბიზნესის პალატის ხელმძღვანელმა და ბიზნესმენმა თემო მიქელაძემ bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა.
„ჩვენს ქვეყნებს შორის წინა წელს თავისუფალ ვაჭრობასაც მოეწერა ხელი, თანამშრომლობის ჩარჩო შექმნილია, თუმცა ბიზნესი ჯერჯერობით ექსპანსიას არ აკეთებს“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, დუბაიში ქართული ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით ასათვისებელია უძრავი ქონების, ასევე, სამშენებლო და ჰორეკა სექტორი. “დუბაიში არცერთი ქართული რესტორნის ბრენდი შემოსული არ არის. არადა, აქ სარესტორნო ბიზნესი მოგების ძალიან მაღალ მარჟაზე მუშაობს, ამასთან აქ ბევრი პოსტსაბჭოთა ექსპატი ცხოვრობს, ამიტომ ქართული სამზარეულო მოთხოვნადი იქნება.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, ვფიქრობ, რომ ეს ინდუსტრია საქართველოში უკვე საკმაოდ განვითარებულია და მათ შეუძლიათ უკვე დეველოპერული პროექტები საზღვარს გარეთაც აკეთონ. დუბაი კი კარგი ვარიანტია“, – განაცხადა თემო მიქელაძემ.
მისივე თქმით, პოტენციალი არის მომსახურების სფეროშიც ისეთი სერვისების თვალსაზრისით, როგორიცაა საბუღალტრო სერვისები, კვლევების დაკვეთა და ა.შ.
„კვალიფიციური სერვისები აქ იმუშავებს. განათლების ნაწილიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ მაგის ექსპორტიც შეგვიძლია დუბაიში“, – ამბობს საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ