გიორგი ბარამიძე – ქართველი ხალხი სულელი არ არის, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს კვლევებშიც ჩანს

ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, Edison Research-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს საზოგადოებისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
„ისედაც ნათელია და ამას Edison Research-ის კვლევები არ სჭირდება: სადაც უნდა იყოს ადამიანი, გაიაროს ქუჩაში, ბაზარში, ავიდეს ტრანსპორტში, მაღაზიაში, ნებისმიერ ქალაქში და დაბაში, უბანში, ყველამ კარგად დაინახა, რა მავნებლურ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომ ის, რასაც ამ ხალხს ჰპირდებოდა 2012 წელს, ის საკუთარი თავისთვის მოიწყო, ის უფასო ფული, მიწები, ტყე, სამუშაო ადგილები მოიწყო თავისთვის, თვითონ 900 მილიონით გამდიდრდა, ივანიშვილის ბანდის წევრების გარშემო შემოკრებილმა რამდენიმე ოჯახმა ჩაიგდო ხელში საქართველოს ეკონომიკა, პორტები, რკინიგზა, მსხვილი ბიზნესები მათ ხელშია, აქედან გამომდინარე, მათ აიწყვეს ცხოვრება კარგად და ქართველ ხალხს უქციეს ის ჯოჯოხეთად, რადგან მათი მმართველობის პირობებში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, სწორედ ამ მაღალი ფასების, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო.
ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს. ეს მითუმეტეს, ასე მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს აკადრა, რომ თურმე ჩვენ ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.
საქართველო ბოდიშს არავისთან, არასდროს არ მოიხდის, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გაისტუმრებს ამ ხელისუფლებას და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გზით, აუცილებლად, მშვიდობიანად გამთლიანდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა