„მოტოციკლეტებს უმეტესად ახალგაზრდა, გამოუცდელი მძღოლები მართავენ, რომლებსაც შესაბამისი კატეგორიის მოწმობაც არ აქვთ” – მევლუდ მელაძე

ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ ორთვლიანი ტრანსპორტის მართვის დროს არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მოტოტრანსპორტი თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე გზაზე საფრთხის შემქმნელია ავტომობილების მძღოლებისთვის, რომელთაც გზაზე გადაადგილებისას დიდი ყურადღება მართებთ. მაგალითად, ავტობუსის ზოლში, სადაც უკვე მოტოტრანსპორტიც მოძრაობს.
„მოტოტრანსპორტს უკვე აქვს ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი საფრთხე აქვს როგორც მას, ასევე ავტომობილის მძღოლს, რადგან მან უნდა გაითვალისწინოს, რომ „ბასლაინზეც” შეიძლება მოძრაობდეს მოტოტრანსპორტი. ძალიან რთულია მათი სარკეში დანახვა, რადგან გაბარიტებით პატარაა და სწრაფად მოძრაობს, ასევე ადვილად მანევრირებადია და შეიძლება მხედველობიდან უცებ დავკარგოთ.
ამიტომ მასთან კონტაქტი არის დიდი საფრთხე. ასევე საფრთხის მიზეზია ის, რომ მოტოტრანსპორტი ძალიან სწრაფად ავითარებს სიჩქარეს და მისი მძღოლი ვერ აღიქვამს ამას. პრობლემაა ისიც, რომ ფაქტობრივად, არ არსებობს სპეციალიზებული სკოლები, სადაც მოტოტრანსპორტის მართვას ასწავლიან. თბილისში ასეთი თითო ოროლაა”,- აღნიშნა მევლუდ მელაძემ.
როგორც მან განმარტა, ქალაქის მასშტაბით საპატრულო პოლიციას ნებისმიერი ტრანსპორტის დაჭერა შეუძლია, ამიტომ სამართალდამცველებს მოუწოდა, მოტოტრანსპორტის წინააღმდეგ ნუ მიმართავენ დადევნებას, რადგან მას ხშირად ახალგაზრდა და შესაბამისი გამოცდილების არმქონე მძღოლები მართავენ.
„ძალიან მარტივია ნებისმიერი მძღოლის გამოჭერა, იქნება ეს ავტო თუ მოტოტრანსპორტის, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების კომუნიკაციის საშუალებები იძლევა ამის შესაძლებლობას. ამიტომ მინდა მოვუწოდო სამართალდამცველებს, დადევნება არ არის საუკეთესო გამოსავალი. ასეთ ტრანსპორტს უმეტესად ახალგაზრდები მართავენ, რომელთაც მართვის მოწმობაც კი არ აქვთ შესაბამისი კატეგორიის და არც გამოცდილება აქვთ იმისთვის, რომ მართონ ასეთი მონსტრები. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ M კატეგორიის მართვის მოწმობა ან A1, რომელიც შედარებით ნაკლების სიმძლავრის მოტოციკლის მართვის უფლებას აძლევთ, მაგრამ არ ჰქონდეთ A, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება სჭირდება”,- განაცხადა მევლუდ მელაძემ.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემის სათავე ავტოსკოლებია, რომელთაც არ აქვთ საკმარისი სივრცეები იმისთვის, რომ მსურველებს მაღალი სიმძლავრის მოტოციკლეტის მართვა ასწავლონ.
„ავტოსკოლებს არ აქვთ იმხელა სივრცე, რომ ასწავლონ მაღალ სიჩქარეზე მოტოციკლეტის მართვა. ამიტომ მოსწავლეები მხოლოდ საგამოცდოდ სამყოფ გამოცდილებას იღებენ. განსხვავებული მდგომარეობაა ევროპაში, სადაც როდესაც ადამიანი გადაწყვეტს უფრო მძლავრ მოტოციკლეტზე გადასვლას, ის მიდის სპეციალურ მოედანზე და ცდის როგორც საკუთარ, ისე მოტოციკლის შესაძლებლობებს.
მოტოციკლის შემთხვევაში საფრთხეს ქმნის ისიც, რომ ძალიან რთულია, რომ მანევრი, რომელსაც ის აკეთებს, უკან დააბრუნო. თან შეჯახებისას ამ დროს არაფერი იცავს, მანქანისგან განსხვავებით, რომელშიც დაცვის სხვადასხვა საშუალებებია. ჩაფხუტი არის თავის ნაწილის დაცვისას, მაგრამ ხერხემლის დაზიანებას ვერაფერი შველის”, – განაცხადა მევლუდ მელაძემ.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა