სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და ჩვენს ტერიტორიაზეა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ხალხის ძალა, რა თქმა უნდა, მშვიდობასთან დაგვაახლოებს. სამართლიანი მშვიდობა გვჭირდება, იმდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა ხალხისთვის, განსაკუთრებით ოჯახებისთვის, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა…
ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო. პრობლემა იმაშია, რომ პუტინმა ამდენი ადამიანი მოკლა და, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მასზე ზეწოლა მოვახდინოთ, რომ ეს ომი გააჩეროს. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიგოთ. ის ჩვენს ტერიტორიაზეა და როგორ გავაჩეროთ ომი, როგორ უნდა მოვახდინოთ მასზე მაქსიმალური ზეწოლა…
აშშ ლიდერია მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას, მადლობელი ვართ ამერიკელი ხალხის. გვესმის, რომ აშშ-ის შეუძლია იყოს ლიდერი ნებისმიერ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რაც შეეხება, ტრამპუის პოზიციას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ერთად მედიასთან გამართულ საუბარში ხაზგასმით თქვა:
“მეც და ზელენსკისაც, ორივეს, სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს.”
კითხვაზე, თუ რას გულისხმობს ტრამპი „სამართლიან შეთანხმებაში“, მან უპასუხა, რომ „ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.
„პრეზიდენტმა [ზელენსკიმ] ძალიან სწორედ თქვა, ეს არის ომი, რომელიც არასდროს არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ მას მოვაგვარებთ, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტებთან ერთად საუბრის დროს, ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში დაპატიჟა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თანხმობა განაცხადა.
„ბევრი რამ გავიგე, მაგრამ, ვფიქრობ, არ შევცვლილვარ იმ მხრივ, რომ ორივეს გვსურს ამის [ომის] დასრულება და ორივეს გვსურს სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, ის სამართლიანი უნდა იყოს და, ვფიქრობ, ის სწორ დროს მოხდება.
პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს მისი [ომის] დამთავრება, მისი რაც შეიძლება სწრაფად დამთავრება სურს და სამართლიანი შეთანხმების მიღწევა სურს. ახლა [წინასაარჩევნო] კამპანიაში ვარ, ასე რომ, ახლა ბევრ რამეს ამ მხრივ არ ვაკეთებ…
მჯერა, რომ თუ მოვიგებ, ძალიან სამართლიანი [ომის] დასასრული გვექნება. საკმაოდ სწრაფი შეთანხმება. ის უნდა გაჩერდეს, პრეზიდენტს [ზელენსკის] სურს მისი გაჩერება და, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ პუტინს სურს მისი გაჩერება, და ეს კარგი კომბინაციაა.
ასე რომ, სამართლიანი შეთანხმება გვსურს ყველასთვის… ჩემი იდეები მაქვს, და დარწმუნებული ვარ პრეზიდენტს [ზელენსკის] თავისი იდეები აქვს, მაგრამ ეს სამართლიანი უნდა იყოს“, – განაცხადა ტრამპმა.