დასაქმების ბაზარზე კადრების დეფიციტი ნარჩუნდება

საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წლიდან მცირდება. მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონემ 13,7% შეადგინა. რაც პირველი კვარტალის მონაცემზე 0,3%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, თუმცა ბიზნესები კადრების სიმწირეს ისევ მთავარ პრობლემად ასახელებენ. კადრების დეფიციტია თითქმის ყველა სფეროში. სამშენებლო, სამედიცინო, მომსახურებისა თუ სოფლის მეურნეობის სექტორებში იმაზე მეტია მოთხოვნა კადრებზე, ვიდრე მიწოდებაა.
დასაქმების ბაზარზე კადრების დეფიციტთან დაკავშირებით ,,კომერსანტი“ პროფესიული კოლეჯის ,,სპექტრის’’ დირექტორს ესაუბრა. მათე ტაკიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ყველა სექტორში კადრების დეფიციტი ფიქსირდება.
,,სამშენებლო სექტორში დეფიციტი ნარჩუნდება. ასევე საექთნო საქმე, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა. სერვისის სეგმენტში ძალიან დიდი მოთხოვნაა. აიტი ინჟინერიის მიმართულებით მოთხოვნაა. სოფლის მეურნეობაშიც არის ძალიან დიდი დეფიციტი. როგორც მიწათმოქმედების განვითარების მიმართულებით, ასევე საქონლის მოვლისა და შენახვის მიმართულებით. ჩვენ არ გვაქვს მიმართულება, რომელშიც დეფიციტი არ გვაქვს. ყველა მიმართულებაზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა ძალიან მაღალია. მოთხოვნა ძალიან დიდია ბაზარზე და მოთხოვნა მიწოდებას შორის დიდი დისბალანსია.’’- აცხადებს მათე ტაკიძე.
შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად კოლეჯის დირექტორი პროფესიული განათლებით საზოგადოების დიდი ნაწილის დაინტერესებაში ხედავს. მათე ტაკიძე აცხადებს, რომ პროფესიული განათლების მიმართ ინტერესმა იმატა. მსურველებს კოლეჯები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. რეგისტრაციის პროცესი კი მარტივია და მისი გავლა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.
,,მომართვიანობა პროფესიული განათლების მიმართულებით გაზრდილია ბოლო პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ დაბაში ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეარჩიოს სასურველი კოლეჯი, პროფესია და მიმართულება. სწავლის გადასახადს სტუდენტი არ იხდის. ამ შემთხვევაში მთავარი დონორი არის განათლების სამინისტრო. სპეციალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების მქონე პირებისთვის არის უნიკალური სასწავლო პირობები, ადაპტირებული გარემო. დღეს პროფესიული განათლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის გახლავთ ყველაზე მოკლე გზა წარმატებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებასა და პროფესიული განათლების სისტემას შორის.’’- აცხადებს მათე ტაკიძე.
სახელმწიფო კოლეჯები სტუდენტებს მოკლევადიან და გრძელვადიან სასწავლო პროგრამებს სთავაზობენ. მოკლევადიანი პროგრამები მომზადება-გადამზადებას ისახავს მიზნად. ამ პროგრამით, ძირითადად ზრდასრული მოქალაქე ინტერესდება, რომელსაც პროცესიის შეცვლა და მოკლე ვადაში დასაქმება სურს.
,,ზრდასრულების შემთხვევაში, პრობლემა გახლავთ სოციალური ფაქტორი, როდესაც ადამიანები არიან 25 წლის ზემოთ, მათ ურჩევნიათ მოკლევადიანი პროგრამები. ეს შეთანხმებულია ბიზნესთან და იციან, რომ კონკრეტული მოდულის შესწავლის შემდეგ დასაქმდებიან. ბიზნესსაც აინტერესებს ეს ფორმა. ზრდასრულ მოქალაქეებს მითუმეტეს აინტერესებთ, რადგან სწავლა პრაქტიკაზეა დაფუძნებული. მოვიდა, კონკრეტული მოდული ისწავლა, იცის გარანტირებულად, რომ დასაქმდება, კარგი ანაზღაურება ექნება. შესაბამისად, მათ დიდი დროის კოლეჯის კედლებში გატარება არ სურთ.’’- აცხადებს მათე ტაკიძე.
პროფესიული კოლეჯები ბიზნესთან აქტიურად თანამშრომლობენ, რათა შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. სტუდენტებს განათლების მიღება და მუშაობა ერთდროულად შეუძლიათ. სახელმწიფო პროგრამა საცხოვრებელსა და განათლების გადასახადს უზრუნველყოფს. ხელშემწყობი ფაქტორების შედეგად პროფესიული განათლებით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობამ იმატა, თუმცა შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტის პრობლემა კვლავ ნარჩუნდება.