ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტმა, ცოტა ხნის წინ, დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის გენერალური დირექტორი ლარს იორგენსენი საჯარო მოსმენაზე დაიბარა.
განხილვა არაერთ საკითხს შეეხო, თუმცა მათ შორის ყველაზე საინტერესო წონაში კლების პრეპარატებს უკავშირდებოდა. როგორც სენატორები აღნიშნავენ, კომპანიის მიერ Ozempic-სა და Wegovy-ზე დაწესებული ფასები ზედმეტად მაღალია, რასაც არანაირი ახსნა არ აქვს, გარდა კომერციული ინტერესისა.
მართალია, ნებისმიერი კომპანიის მიზანი მოგების მიღებაა, თუმცა ფარმაკოლოგიურ სექტორთან მიმართებით საქმე შედარებით განსხვავებულადაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკითხი დიაბეტის და წონაში კლების პრეპარატებს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ამერიკის მოსახლეობის 74%-ს წონის პრობლემა აქვს, რაც გლობალური ანტირეკორდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტისთვის უმთავრესი გამოწვევა სწორედ ჭარბწონიანობაა, ხოლო მის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება Novo Nordisk-ის მიერ შექმნილი პრეპარატია.
როგორც კომიტეტის წევრი სენატორები აღნიშნავენ, წონაში კლების პრეპარატები ზედმეტად ძვირი ღირს, რის გამოც დაბალი შემოსავლის მოქალაქეები მის გამოყენებაზე უარს ამბობენ. თავად ეს მოცემულობა კი ჯანმრთელობის საკითხში უთანასწორობას აღვივებს, რადგან მდიდრებისთვის ჭარბწონიანობასთან ბრძოლა ისეთი მარტივი გახდა, როგორც არასოდეს.
უშუალოდ ფასებს რაც შეეხება, ერთი თვის დოზა Ozempic-ის ღირებულება აშშ-ში 970 დოლარს შეადგენს, ხოლო Wegovy-ის კურსის ღირებულება 1,350 დოლარის ფარგლებშია. შედარებისთვის, ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში, მაგალითად: გერმანიაში, დანიასა და საფრანგეთში წონაში კლების პრეპარატების შეძენა თითქმის 10-ჯერ უფრო იაფადაა შესაძლებელი, რაც Novo Nordisk-ის საფასო პოლიტიკითაა განპირობებული.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, პრეპარატის ფასს ბაზარზე არსებული მოთხოვნა და მიწოდება განაპირობებს, ამიტომ ის პირობას ვერ დებს, რომ უახლოეს მომავალში Novo Nordisk-ის გაყიდვების დეპარტამენტი Ozempic-ისა თუ Wegovy-ის არსებითად გაიაფებას შეძლებს.
bm.ge