ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, დღეს 27 სექტემბერს აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. ტრამპმა 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდება თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში.
„ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტ იულია იარმოლენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი ერთი დღით გააგრძელა, თუმცა, უკრაინის დელეგაციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ ზელენსკი ტრამპს შეხვდება.
ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის გამგზავრების წინ გავრცელებული ცნობებით, ზელენსკი შეხვდებოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატია და რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს. 26 სექტემბრამდე ტრამპის მხრიდან საჯაროდ დადასტურებული არ იყო, რომ ზელენსკითან შეხვედრა დაგეგმილია.
ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი გამყიდველია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.
26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მათ უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება დაუდასტურეს.
ზელენსკისთან შეხვედრის წინ ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს საერთო ჯამში, კიდევ 7,9 მილიარდი დოლარის დახმარებას.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში ჩაიტანა უკრაინის „გამარჯვების გეგმა”.
ამ დოკუმენტის შინაარსი არ გასაჯაროებულა. ზოგადად, ცნობილია, რომ 4-პუნქტიანი გეგმა ეხება უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას, უსაფრთხოებას და რუსეთის იძულებას, შეწყვიტოს ომი.
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის გეგმის შინაარსით უკმაყოფილოა.