„ქალაქური“ ახალ ქარხანას იანვარში გახსნის

თხილეულის და “სნექების” მწარმოებელი კომპანია „ქალაქური“ ახალ ქარხანას, წეროვანში, არსებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე იანვრის ბოლოს გახსნის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამჟამად, დანადგარების მონტაჟის და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
“ადგილზე სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობაც უკვე მოწყობილია. აღნიშნულ პროექტში დაახლოებით, 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ახალ ქარხანაში მუშაობის დაწყების შემდეგ ვგეგმავთ წარმადობის გაზრდას. კერძოდ, ჩირეულის 500 ტონამდე, ხოლო თხილეულის 300-დან 500-ტონამდე”, – აცხადებს მურად ღოღაძე.
მისივე ინფორმაციით, კომპანია ახალი ქარხნის გახსნასთან ერთად, ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს.
ცნობისთვის, “ქალაქური” სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში “თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით. ასევე, პატარებისთვის – ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული – 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ