სახალხო შემოწირულობა და ეროვნული პროექტები – „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარე გიორგი თავაძე საქმიანობის ფორმებსა და მიზნებზე

ეროვნული ფასეულობების წარმოჩენა, გაცნობიერება და ფართო საზოგადოებაში მათი კომუნიკაცია – სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „საზოგადოება ივერიისა“ წლების წინ და ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი უკვე არაერთი პროექტი განახორციელა. საზოგადოებამ საქმიანობა მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გარშემო ხალხის გაერთიანებით დაიწყო.
„საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის, მიზნების, მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მისი თავმჯდომარე გიორგი თავაძე გვესაუბრება.
როგორ შეიქმნა „საზოგადოება ივერიისა“ და რა მთავარ მიზანს ემსახურება ის?
მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე ტაძრის მშენებლობაში საზოგადოების გაერთიანებით დაიწყო საქმიანობა „საზოგადოება ივერიისამ“, რომელიც 2010 წელს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელებაშია ჩართული. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ეროვნული ფასეულობების წარმოჩენას, გაცნობიერებასა და ფართო საზოგადოებაში მათ კომუნიკაციას.
საზოგადოებას ჰყავს ქტიტორთა სათათბირო, რომლის წევრები არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ლია სტურუა, ნინო სუხიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ზაზა აბაშიძე, ნინო ქაჯაია, გიორგი თევდორაშვილი, ლევან კოღუაშვილი, კოტე ჯანდიერი, რუსუდან ფეტვიაშვილი, ეკა კვაჭანტირაძე, ლაშა თაბუკაშვილი, . სამწუხაროდ, საბჭოს ორი წევრი – გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი დღეს ჩვენთან ერთად აღარ არიან.
როგორც გითხარით, ჩვენი საქმიანობის ძირითადი ამოცანა ეროვნული ფასეულობების წარმოჩენა, გაცნობიერება და ფართო საზოგადოებაში მათი კომუნიკაციაა. ამ საერთო და დიდი მიზნის კარგი გამოხატულება გახლდათ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა და მასში მთელი საქართველოს ჩართვა. ეს ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მთელი ერის მადლიერების გამოხატულებაა. ღვთისმშობელი საქართველოში ქრისტიანობის შემომტანია. ჩვენი ეროვნული ფასეულობის საფუძველთა საფუძველი კი ქრისტიანობაა. პროექტმა მთელი საქართველო გააერთიანა იმ მიზნით, რომ პატივი მიეგოთ ქრისტიანობის შემომტანისთვის. ეროვნული ფასეულობების წარმოჩენა ჩვენმა საზოგადოებამ სწორედ ამ რელიგიური პროექტით დაიწყო. თუმცა ეს არის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეროვნული ფასეულობითი პროექტიც. რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტიანობა და კონკრეტულად მართლმადიდებლობა გახლავთ ჩვენი ეროვნული ფასეულობების საფუძველი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი ეროვნული საგანძურის, ეროვნული მემკვიდრეობის სწორად წარმოჩენა, გააზრება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. წარმოჩენა, გაცნობიერება, კომუნიკაცია – აღნიშნული სამი კომპონენტი თანაბრად მნიშვნელოვანია. ამ პროცესში კი ყურადღება უნდა მივაქციოთ რელიგიისა და მეცნიერების, სარწმუნოების და ცოდნის ურთიერთკავშირს. აქედან გამომდინარე ჩვენი საგანძურის ორივე მხარის, საკრალური ანუ რელიგიური და მეცნიერული ანუ ინტელექტუალური ნაწილის წარმოჩენა უნდა მოხდეს. მის გაცნობიერებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთია, რომ ჩვენი წინაპრების შექმნილ საგანძურს უნდა გავუფრთხილდეთ და მეორეა, რომ მის საზრისს უნდა ჩავწვდეთ.
რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? როგორ იცვლება საზოგადოება, რომელიც ეროვნული მემკვიდრეობის საზრისს კარგად აცნობიერებს?
ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ მომავლის გზა სწორად დავინახოთ. უბრალოდ ცოდნა იმისა, რა იყო წარსულში, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა მისი მთავარი ფუნქცია სამომავლო პერსპექტივისა და გზის სწორად დანახვაა. სწორედ ამიტომ გახდა „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი ისტორიული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლა და მისი გამარტივებული ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება.
საზოგადოების ქვაკუთხედად აღებული გვაქვს ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი „ჩვენის დაცემულის ვინაობის აღსადგენად”, დღეს ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვაქვს დაკარგული კავშირი წარსულთან. ამ კავშირის აღდგენით შეგვეძლება გავიგოთ, რას აკეთებდნენ წინაპრები ისეთს, რაც მომავალში დაგვჭირდება. ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ კავშირის ძიება და მისი გაბმაა თანამედროვეობასა და წარსულს შორის.
მოგვიყევით იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც „საზოგადოება ივერიისა“ ახორციელებს
ჩვენ გამოვეცით ნანა ბურჭულაძის წიგნი „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“. ეს მეტად მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან კარგად გამოჩნდა ჩვენი ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია დაცული. წიგნი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ თანამედროვე საზოგადოებამ გაიგოს, რა საგანძური გააჩნია მას და როგორ შეუძლია ეს საგანძური მომავალში წაიღოს. გამოცემა არ არის მხოლოდ პატივის მიგება, რომელიც უდავოდ ეკუთვნის ამ საგანძურს. ეს არის გარკვეულწილად მცდელობა იმ საზრისის გამოტანისა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. წიგნში საინტერესო მიგნებები და ხედვებია გადმოცემული.
აქტიურად ვმუშაობთ ხელნაწერთა ინსტიტუტთან და ჩვენი გამორჩეული ხელნაწერების ინგლისურენოვანი გამოცემის მომზადებას ვუწყობთ ხელს. ზოგადად, ენა და წიგნიერება ჩვენი ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ იმ განსაკუთრებულ ერებს შორის ვართ, ვინც ქრისტიანობას თავისი დამწერლობით შეხვდა. შემდეგ კი ის ქრისტიანობამ გაამდიდრა. ეს კარგად ჩანს ჩვენს ხელნაწერებში, რომლებიც საგანძურის ნაწილია. ისინი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავინახოთ რელიგიისა და მეცნიერების, სარწმუნოებისა და ცოდნის ღრმა ურთიერთკავშირი.
როგორც უკვე გითხარით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაგებინოთ ის საზრისი, რაც დღევანდელ ადამიანს ასე აკლია ინტენსიურ საინფორმაციო ეპოქაში. დღეს ადამიანს მთავარი კრიტერიუმი სჭირდება, რომ გაარჩიოს სწორი არასწორისგან, მნიშვნელოვანი არამნიშვნელოვნისგან. სწორედ ამიტომ გადამწყვეტია სწორი მსოფლმხედველური პოზიციის წარმოჩენა. ადამიანები უნდა გაერკვნენ იმაში, თუ რა არის მათი იდენტობა, ვინ არიან და რას უნდა ემსახურონ. ეს თითქოს ადვილად სათქმელია, მაგრამ ძალიან ძნელად განსახორციელებელია, რადგან დღეს იდენტობის კრიზისში ვართ. ილიას რომ მივუბრუნდეთ, ჩვენი იდენტობის აღდგენა გვჭირდება. უნდა ვიპოვოთ დაკარგული, „გავწმინდოთ“ და წარმოვაჩინოთ. ამისთვის კი წარსულის გათვითცნობიერება, ანალიზია საჭირო. სწორედ ამ მიზნით შემუშავებული გვაქვს საზოგადოებრივი განათლების ფასეულობითი პროექტი, რომელიც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად. სპეციალურად მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, თეოლოგები ამუშავებენ კულტურულ და რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სწავლობენ მათ მნიშვნელობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისათვის, როგორც წარსულში ასევე თანამედროვე პირობებში, იკვლევენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გამაერთიანებელ თუ განმასხვავებელ ნიშნებს. მიღებული და გაანალიზებული ცოდნის საფუძველზე კი შექმნილია სალექციო კურსი, რომელიც 2010 წლიდან დღემდე 4,000-მდე ადამიანმა მოისმინა.
გარდა ამისა, ქართულ-ბრიტანულ სკოლასთან ერთად ვახორციელებთ საპილოტე პროგრამას სკოლაში ფასეულობითი განათლების პროგრამის შეტანით. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ინტერესი არსებობდეს ასეთი კურსების მიმართ.
მივუბრუნდეთ „საზოგადოება ივერიისას“ უმნიშვნელოვანეს პროექტს. რას ნიშნავს მახათა პირადად თქვენთვის?
მე ძალიან სუბიექტური ვიქნები მახათასთან მიმართებაში. ეს არის ტაძარი, რომელიც ათასობით ადამიანის შემოწირულობით აშენდა. თუმცა გეტყვით, რომ ჩემთვის მახათაში მთავარი არის მისი იდეა. ტაძარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ფორმის მიცემა იმ იდეისათვის, რაც მისმა უწმინდესობამ მასში ჩადო. ეს იდეა გახლავთ კიდევ ერთხელ ხმამაღლა თქმა, საჯარო განცხადება მონაწილე ადამიანებისა, რომ ისინი ქრისტიანები არიან. ეს არის მადლიერების გამოხატვა ღვთისმშობლისადმი და ამავდროულად, ვედრება რომ კიდევ ერთხელ კარგად გავიგოთ, რა მოძღვრება შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში. თანამედროვეობამ დღეს ატომიზაცია მოგვიტანა, ამ პროექტმა კი ერთობა დააბრუნა საზოგადოებაში.
„საზოგადოება ივერიისა“ კიდევ ერთ ეროვნულ და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეში, გელათის პროექტში თანამშრომლობა. მოგვიყევით, კონკრეტულად რა მიმართულებით განახორციელებთ აქტივობებს?
დღეს მიმდინარეობს გელათის კონსერვაცია-რესტავრაცია, რომელსაც საპატრიარქოს მიერ შექმნილი დროებითი კომიტეტი ახორციელებს მაღალი დონის სპეციალისტებთან ერთად. პროექტს სრულად სახელმწიფო აფინანსებს და გელათის დროებითი კომიტეტი მართავს. ჩვენ კი საპატრიარქომ გვთხოვა მონაწილეობა მიგვეღო საინფორმაციო მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო პროექტებში, გელათის არსის წარმოჩენაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გელათის ფრესკებისა და მოზაიკის შენახვა, მაგრამ არანაკლებია გელათის არსის წარმოჩენა.
უკვე დავაფინანსეთ პროექტის ვებგვერდის შექმნა, რამაც გელათში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე გახადა. ამის გარდა ვაფინანსებთ სამეცნიერო ნაშრომს „გელათის სამაგიდო წიგნი“, რომელშიც გაერთიანებულია გელათის ხელოვნება, გელათის აკადემიის მთარგმნელობითი და ლიტერატურული საქმიანობის შესახებ ცნობები, არქეოლოგიური კვლევები, ისტორია, გალობა, ფერწერა, კედლის მხატვრობა, მოზაიკა, არქიტექტურა. გელათურ ხელნაწერებს კი ცალკე თავი აქვს მიძღვნილი. ასევე ვმონაწილეობთ გელათის ახალი გენგეგმის შემუშავებაში. ამ მიმართულებით ჩვენი მისია და მიზანია, განვსაზღვროთ, როგორც წარმოჩინდება გელათი მნახველისთვის, რა აქცენტების შემოტანაა მთავარი. აღნიშნულზე ფრანგ არქიტექტორთან ერთად ვმუშაობთ. გელათის კომიტეტთან ერთად კი ვმუშაობთ აკადემიის განახლებასა და მისთვის მოქმედი ფუნქციის მიცემაზე. ის უნდა გახდეს სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცე.
გელათს იმიტომ ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ის იყო არა უბრალოდ მონასტერი, არამედ ფასეულობითი საგანმანათლებლო კერა. სწორედ აქ იყო კავშირი მეცნიერებასა და რელიგიას შორის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიკვლევთ და ვეძებთ.
მნიშვნელოვანია, ჩვენმა შემომწირველებმა აღნიშნული ინფორმაცია კარგად იცოდნენ. ზოგადად, საზოგადოებას მსგავს საქმეებში თავისი დიდი როლი აქვს. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვან შემოწირულობის გზით განვახორციელოთ და გავზარდოთ.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, როგორია თქვენი საქმიანობის ფორმები? როგორ ხდება შემოწირულობის გაღება და შემდეგ მათი ხარჯვა?
ჩვენი აზრით, საზოგადოება ასეთი ტიპის საქმიანობაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ამ მიზანს მათთან მჭიდრო კომუნიკაციითა შემოწირულობების აგროვებით ვაღწევთ.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე და საზოგადოებას შეუძლია გვენდოს, რომ მათი თანხა სწორ პროექტებში დაიხარჯება. ყოველწლიურად საერთაშორისო აუდიტს გავდივართ. შედეგები კი ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ასევე, როგორც გითხარით, გვყავს ქტიტორთა საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს შემოწირულობით.
ვფიქრობთ, დროა უფრო გავაქტიურდეთ და საჯარო შემოწირულობა უფრო ინტენსიური გახდეს, რადგან მოზიდული თანხებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განსახორციელებელი. ჩვენ გვსურს, კიდევ ერთი სახალხო კამპანია დავიწყოთ, რომ მოგვეცეს საშუალება გელათთან დაკავშირებული თუ სხვა არაერთი პროექტი განვახორციელოთ. თუ გაიზრდება შემოსავლები, გაიზრდება პროექტების რაოდენობაც.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ