„სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-ით გაიზარდა“ – შალვა ალავერდაშვილი

განთავსების ობიექტებში დატვირთულობის კოეფიციენტი 20%-ით გაიზარდა. სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში გასულ ტურისტულ სეზონს წარმატებულად აფასებს და ამბობს, რომ ზაფხული განსაკუთრებით წარმატებული აჭარის რეგიონისთვის გამოდგა, სადაც დატვირთულობის მაჩვენებელმა 90%-ს გადააჭარბა. 20-25%-იანი მატება დაფიქსირდა თბილისის სასტუმროებში, კახეთის რეგიონში კი საშუალო ზრდა 15-20%-ია.
„ზაფხულის სეზონი, განსაკუთრებით შავი ზღვისპირეთში, აჭარისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა შარშანდელი ჩავარდნილი სეზონის შემდეგ. შარშან ბევრმა შეიკავა თავი ზღვაზე წასვლისგან, წელს პირიქით ბევრი ჩავიდა, ზოგან 90%-ზე მეტი ზრდაც იყო აჭარაში, განსაკუთრებით ქობულეთში.
რაც შეეხება თბილისს, 20-25%-იანი მატება გვაქვს. კახეთის რეგიონში გვაქვს საშუალოდ 10-15-20%-იანი მატება, ზოგადად ქვეყნის ჭრილში რომ ავიღოთ, დატვირთულობის კოეფიციენტი მომატებულია თითქმის 20%-ით და მეტით“, – აცხადებს ალავერდაშვილი.
მისი თქმით, ტურისტულ ნაკადებში განსაკუთრებით აქტიურია , ზრდაა ევროპიდანაც. რაც შეეხება ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ეფექტს, როგორც შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ჩინეთიდან ტურისტების მინიმალური ზრდაა, თუმცა ჩინური ბაზარი ნელ-ნელა ემატება ტურისტულ სეგმენტს.
„ჩვენ პროგნოზი გავაკეთეთ მარტში, რომ ისრაელი იქნებოდა საკმაოდ აქტიური, ეს პროგნოზი ნამდვილად გამართლდა. ისრაელიდან გვაქვს საკმაოდ დიდი მატება. ზამთარში წინასწარ თითქმის გუდაურის სასტუმროების 70% ებრაელების მიერ არის დაჯავშნილი.
რაც შეეხება ევროპას, პოლონეთია აქტიური, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპა. დასავლეთ ევროპიდან მინიმალური მატება გვაქვს, თუმცა ეს არ არის ის, რაც გვინდა რომ იყოს.
თავიდან იყო ძალიან პესიმისტური განწყობები, რომ “ჩინელები გადაგვივლიან”. ასე არ არის. ჩინეთი ნელ-ნელა ძალიან მინიმალური მატებით, მაგრამ ემატება ბაზარს. საკმაოდ პატარა წილი აქვს ჩინეთს, თუმცა თუ შევადარებთ რა იყო, გაზრდილია ჩინელების რაოდენობა. ესეც ავსებს ბაზარს.
სექტემბერი არ არის ცუდი და ოქტომბერიც არ ჩანს ცუდი“, – აცხადებს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, პირველ კვარტალში ქვეყანამ ტურიზმიდან 807,7 მილიონი დოლარის, მეორე კვარტალში კი 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. საინვესტიციო ბანკ Galt & Tagart-ის პროგნოზით, წელს ტურიზმის შემოსავლები 4.3 მლრდ დოლარს მიაღწევს და 200 მილიონით გადააჭარბებს 2023 წლის მაჩვენებელს.
bm.ge