საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის, ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა დაიწყო. როგორც სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა, 5 საათის განმავლობაში 40-მდე ოქროს ზოდი გაიყიდა.
“საწყის ეტაპზე შემდეგი ოდენობით ორი საინვესტიციო პროდუქტი გვაქვს: 100-100 20-გრამიანი სერტიფიკატი და ზოდები და ასევე 10-10 ცალი 1-კილოგრამიანი ზოდები და სერტიფიკატები. დამატებით შესყიდული გვაქვს გარკვეული რაოდენობა და იმის მიხედვით, რომელ პროდუქტზე იქნება უფრო დიდი მოთხოვნა, რაოდენობას იმ პროდუქტს დავამატებთ. თუ მარაგი ამოიწურა, დამატებით შევძლებთ ოქროს ზოდების შეკვეთას. დაინტერესება გაყიდვების დაწყებამდეც მაღალი იყო. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, დაახლოებით 40-მდე ზოდია გაყიდული”, – განაცხადა გიორგი ლალიაშვილმა.
გიორგი ლალიაშვილის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ინფლაციის მაღალი ტემპის და გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა გაზრდილია. შესაბამისად, მისი თქმით, ოქროს სერტიფიკატისა და ოქროს ზოდების გაყიდვა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება.
“მთელ მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: უმეტესობა ქვეყნებში მაღალი ინფლაციური ფონი იყო, გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკი და ისტორიულად, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციებზე რისკები მომატებულია, ინვესტორები ეტანებიან ოქროს, ვინაიდან ოქრო განიხილება როგორც უსაფრთხო, საყოველთაოდ აღიარებული საშუალება. ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომლებიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია, სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ისე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება”, – აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.
ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ოქროს სერტიფიკატები კომერციული ბანკების მეშვეობით იყიდება, ოქროს ზოდების შეძენა კი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრიდან ან ინტერნეტ მაღაზიიდან არის შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, ოქროს სერტიფიკატის გაყიდვა უკვე დაიწყო “თიბისი ბანკმა”. ის იმედოვნებს, რომ მას სხვა ბანკებიც შეუერთდებიან.
ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია, სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. თუ ინვესტორს ოქროს სერტიფიკატის გაყიდვა მოუნდება, ეროვნული ბანკი მას უკან შეისყიდის.
bm.ge