ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, – ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას.
„აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უსაფრთხოების დამატებითი დახმარება გამოაცხადა, რათა უკრაინას მიაწოდოს ინსტრუმენტები, რომელიც საჭიროა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასამარჯვებლად. მისი ღირებულებაა 375 მილიონი აშშ დოლარი. პაკეტი მოიცავს ჰაერი-მიწა კლასის იარაღს, საბრძოლო მასალებს სარაკეტო სისტემებისა და არტილერიისთვის, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფრო კონკრეტულად, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს : ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას, საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას, Javelin-სა და AT-4 -ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანტექნიკა M1117-ს, MRAP-ის ჯავშანმანქანებს, მსუბუქ ტაქტიკურ მანქანებს, ცეცხლსასროლ იარაღს, საპატრულო კატერებს, სასანგრე აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, მომსახურებას, სწავლებასა და ტრანსპორტირებას.
პენტაგონის ინფორმაციით, ეს არის ტექნიკის 66-ე ტრანში, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2021 წლის აგვისტოდან უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან გადასცემს.