მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი და დავით სონღულაშვილი ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელს შეხვდნენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ხელმძღვანელს არტურ ლორკოვსკის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ენერგეტიკული გაერთიანების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტის მიზანია ქვეყნის შესაბამის ინსტიტუტებთან ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში რეფორმების მიმდინარეობის საკითხის განხილვა.
პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ქვეყანაში სათბურის აირების გაფრქვევების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა, რაც სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებასა და ემისიებით ვაჭრობისთვის ქვეყნის მომზადებას, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ემსახურება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის ბაზრის წახალისებისა და ფასების მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დღიური ბაზრების გახსნის მნიშვნელობაზე.
როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ევროკავშირთან სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობას და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში პარტნიორობა.
„წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რაც საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურებოდა, უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ღირსეული პარტნიორია, რომელიც მოწოდებულია საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერი შესრულებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს