ციტრუსის ჯიშების განახლებაში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია – კახა შავაძე

ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებლის, კახა შავაძის შეფასებით, ციტრუსის ჯიშების განახლებაზე მუშაობას ფერმერები დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ვერ შეძლებენ.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, ციტრუსის საადრეო ჯიშის მოსავალი უკვე შემოსულია, თუმცა მცირე რაოდენობითაა და არაა ექსპორტზე გათვლილი, ვინაიდან ხანგრძლივად შენახვის პრობლემა აქვს, იმის მიუხედავად, რომ გემოვნური თვისებები სტანდარტული მანდარინის მსგავსია.
როგორც კახა შავაძე ამბობს, დარგის განვითარებისთვის ისეთი ჯიშებია საჭირო, რომლებიც ნარინჯისფერ რთველს გაახანგრძლივებს.
„პირველი ნაბიჯია რეალურად, ახლა პირველ შედეგს ვიღებთ ამ საადრეო ჯიშის სახით, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ადრე შემოვიდა. საფასო სეგმენტშიც საკმაოდ ნორმალური და შედეგიანია ფერმერებისთვისაც, თუმცა ეს რომ მასიურად ავიღოთ, მგონი არ ივარგებს. თუ მეციტრუსეობის განვითარებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა შემოვიღოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც პერიოდს გაგვიგრძელებს. მაგალითად, არის ჯიში გამძლე ნაყოფით, რომლის მოსავალიც იანვარში შეიძლება მოვიწიოთ, ანუ ციტრუსის ციკლი გაგვეზრდება. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა ეტაპზეა ჯიშის განახლებაზე მუშაობა, მაგრამ ფერმერები ამას თავისით ვერ დაძლევენ, სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია“,- განაცხადა კახა შავაძემ.
მისივე თქმით, წელს, ნარინჯისფერი რთველი შედარებით ადრე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.