საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან.
„ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.
გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს