წელიწადში ₾40-45 მლნ-ს ვიხდით ბიუჯეტში – EFES Georgia

მიმდინარე წლის 8 თვეში ბიუჯეტმა ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებული ლუდის მხოლოდ აქციზიდან 52 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3 მილიონით აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა. წლის პირველ 8 თვეში ლუდის სექტორმა ადგილობრივი წარმოების ლუდის აქციზის გადასახადის სახით ბიუჯეტში 46 მილიონ ლარამდე შეიტანა, 6 მილიონ ლარამდე შევიდა იმპორტირებული ლუდის აქციზიდან. თავად ამ სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლუდის მოხმარების ზრდასთან ერთად ინდუსტრიაც იზრდება.
• EFES Georgia”-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს, რომ ლუდის ინდუსტრია ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა ქვეყანაში იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 90% არის ადგილობრივად წარმოებული, ისევე, როგორც ლიცენზირებული ბრენდები. საკითხზე მან BMGTV-ის ეთერში, “საქმიან დილაში” სტუმრობისას ისაუბრა:
„მხოლოდ 10%-ზე ნაკლები არის იმპორტირებული. ვისურვებდი, საქართველოში ამ ტიპის ინდუსტრიები ყოფილიყო, როცა ადგილობრივი ნაწარმი ბაზრის 90%-ზე მეტს ფარავს. რაც შეეხება გადასახადებს, ეს კომპანიების ზრდის კარგი ინდიკატორია. მაგალითისთვის EFES საქართველოს ბოლო 10 წელიწადში 500 მილიონამდე ლარი აქვს გადახდილი მარტო ბიუჯეტში. დაახლოებით 40-45 მლნ ლარს ვიხდით ხოლმე, ეს არის როგორც აქციზი, დღგ, საშემოსავლო.
ჩვენ ვართ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი ინდუსტრიაში. რაც შეეხება ასევე ზრდას, ზაფხულში კარგი პერიოდი გვქონდა. მათ შორის სპორტული ღონისძიებების გამო, ჩვენმა (საფეხბურთო)გუნდმა სერიოზული საქმე გააკეთა. ამ ღონისძიებებმა სერიოზული ბუსტი მისცა ინდუსტრიას და გაყიდვებს, თუმცა ეს წინასწარ გვქონდა დაგეგმილი. ეს არის ის შემთხვევა, როცა წინასწარ ვგეგმავთ და სწორებას ვაკეთებთ. ზაფხულში ხუმრობით ვამბობდით, რომ წარმოება იმდენად გაიზარდა, თითქმის წარმოებით ვერ ვეწეოდით. ლუდის ინდუსტრია ერთ-ერთი კარგი კონტრიბუტორია ეკონომიკაში და ერთ-ერთი კარგი მამოძრავებელი ძალა“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.