„საქართველოში სარეკლამო სააგენტოები უმეტესად ზარალზე ოპერირებენ“ – როგორია კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები?

სარეკლამო სააგენტოებს 5 კომპანიის მაგალითზე ორგანიზაცია Finspot გაეცნო. შპს „რედბერი“, შპს „მოზაიკა პლიუსი“, შპს „ტოპ გრუპი“ (Leavingstone), შპს „Windfors Georgia“ და შპს „ბეთერ ფლაის“ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სარეკლამო დაგეგმარება, მარკეტინგული და საკომუნიკაციო კამპანიების შექმნა, სოციალური მედიის მართვა და ა.შ. რამდენიმე სააგენტო მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ციფრული პროდუქტების განვითარებას.
„ვინაიდან განხილული კომპანიების სერვისი მაღალ საფასო სეგმენტზე გადის, კომპანიების ძირითადი მომხმარებლები არიან ქართულ ბაზარზე მოღვაწე მსხვილი ზომის კომპანიები – ხშირ შემთხვევაში, წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები.
საქართველოში სარეკლამო სააგენტოების მომგებიანობის მაჩვენებლები დაბალია და, უმეტეს შემთხვევაში, ზარალზე ოპერირებენ. საშუალო შეწონილი საოპერაციო მოგების მარჟა შეადგენს უარყოფით -8%-ს. შედარებისთვის, წამყვან საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებს რომ შევხედოთ, მათი საოპერაციო მოგების მარჟა 15%-ის ფარგლებშია.
ქართული სააგენტოების დაბალი მომგებიანობის/ზარალიანობის ძირითადი მიზეზი ზედმეტად მაღალი საოპერაციო ხარჯებია, რაც თავის მხრივ მაღალი სახელფასო დანახარჯებით აიხსნება. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი დამკვეთი კომპანიების მცირე რაოდენობა იყოს, რაც ფიქსირებული ხარჯების ოპტიმალურად ალოკაციის საშუალებას არ იძლევა.
ზარალიანი ოპერაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კომპანიებს არ რჩებათ თავისუფალი ფულადი ნაკადები დივიდენდის გასაცემად. დამფუძნებლები ძირითადად კომპანიის მენეჯმენტში არიან და ხელფასის სახით იღებენ შემოსავლებს“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
Finspot-ის ინფორმაციით, წარმოდგენილი კომპანიებიდან, ბოლო წლებში მხოლოდ BetterFly-იმ შეძლო ერთჯერადად დივიდენდის გაცემა ₾640 000-ს მოცულობით. ეს მოახერხა არა საკმარისი თავისუფალი ფულადი ნაკადების დაგენერირებით, არამედ გარკვეული აქტივების რეალიზაციით. კომპანიამ გაყიდა ძირითადი საშუალებები ₾1.4 მილიონად, რაც კომპანიას საოპერაციო საქმიანობაში დაეხმარა და, ამავდროულად, დივიდენდის გაცემა გახადა შესაძლებელი.
2022 წელს, შემოსავლების კუთხით „რედბერი“ ლიდერობს. კომპანიის შემოსავლებმა ₾8.2 მილიონი შეადგინა, თუმცა შემოსავლების 64% (₾5.2 მილიონი) მოდის პროგრამულ უზრუნველყოფაზე (შვილობილი კომპანიის Redberry International-ის მეშვეობით) და მხოლოდ 30% (₾2.4 მილიონი) კრეატიულ/სარეკლამო საქმიანობაზე. Redberry-ის მაღალი ზრდის ტემპიც სწორედ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ სერვისებს უკავშირდება.
რაც შეეხება Windfor’s Tbilisi-ის 49%-იან საშუალო წლიურ ზრდას 2019-22 წლებში, ეს გამოწვეულია 2019 წლის შემცირებული შემოსავლით. 2018-22 წლებს რომ შევხედოთ, კომპანიის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 15% იყო.
„კომპანიების მთლიანი საოპერაციო ხარჯები (თვითღირებულების ჩათვლით), უმეტეს შემთხვევაში, შემოსავლებს აჭარბებს.- სექტორის შესაბამისად, საოპერაციო ხარჯების ყველაზე მსხვილი ცალკეული კომპონენტი ხელფასებია, რომელიც საშუალოდ შემოსავლების 58%-ს შეადგენს.
შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობა საოპერაციო ზარალზე ოპერირებს. საოპერაციო მოგების მარჟები საშუალოდ უარყოფითი -8%-ია“, – ნათქვამია მიმოხილვაში.