კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლებისთვის 5 დღიანი მასტერკლასი ჩატარდა

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში კინოინდუსტრიის ქართველი წარმომადგენლებისთვის 5 დღიანი მასტერკლასი ჩატარდა. მასტერკლასს პროდიუსერები – ჯანეტ მილიო და ჯიმ მილიო უძღვებოდნენ, რომელთაც ჰოლივუდში მხატვრული ფილმებისა და ტელესერიალების მიმართულებით მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვთ.
შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე, რომელმაც მასტერკლასის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
„მასტერკლასი, რომელშიც 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა, მოიცავდა აუდიო-ვიზუალური პროექტების განვითარების ყველა ეტაპს – იდეაზე მუშაობიდან დაწყებული, დისტრიბუციით დასრულებული.
სახელმწიფო პროგრამას “გადაიღე საქართველოში” სააგენტო “აწარმოე საქართველოში” 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
2016 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 48 პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა აღემატება 200 მილიონ ლარს“, – ნათქვამია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ