„ერთ წელიწადში საქართველოში მოპოვებული თევზი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს“ – რამაზ მიქელაძე

„ერთ წელიწადში საქართველოში მოპოვებული თევზი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს“ – რამაზ მიქელაძე
ქართული ბაზარი დღეს ადგილობრივი წარმოების თევზის სიმწირეს განიცდი. პროდუქციის 85% ექსპორტირებულია, თუმცა ეს სურათი შესაძლოა მოკლე დროში რადიკალურად შეიცვალოს. აკვაკულტურის მართვა და წლიური წარმოების გაზრდა – ეს ,,საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგიის’’ ერთ-ერთი მიმართულებაა. სტრატეგიის თანახმად შიდა წყლებში თევზის რაოდენობა 5-ჯერ უნდა გაიზარდოს და 15 ათას ტონას უნდა გაუტოლდეს. გეგმის თანახმად, ზღვისპირეთში 10 წლის განმავლობაში თევზის მოცულობა 100 ათას ტონაზე მეტი გახდება. შედეგად, დაახლოებით წელიწადში საქართველოში წარმოებული თევზი ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს. სტრატეგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით შეიმუშავა.
რას ითვალისწინებს აკვაკულტურის მართვის სტრატეგია და როგორ უნდა გაიზარდოს თევზის წარმოება? ამ საკითხზე ,,კომერსანტი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსს რამაზ მიქელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოს შიდა წყლების აკვაკულტურა 3 ათას ტონას შეადგენს. მიზანი კი მისი 15 ათას ტონამდე გაზრდაა. რაც შეეხება საზღაო აკვაკულტურას, აქ პრიორიტეტს ორაგულის მოშენება და გამრავლება წარმოადგენს.
„პირველადი მონაცემებით, შავი ზღვისპირეთში 10 წლის განმავლობაში თევზის მოცულობა 100 ათას ტონაზე მეტი გახდება. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ზღვაში ვიწყებთ ორაგულის მოშენებას. დღეს 10 ათას ტონამდეა ორაგული. ჩემი აზრით, მომავალი წლის ოქტომბრიდან გალიებში დაიწყება ძირითადად ორაგულის და ლავრაკის მოშენება. ძირითადი აქცენტი ორაგულზეა, რადგან მას ახასიათებს სწრაფი ზრდა და მოთხოვნადია.’’- აცხადებს რამაზ მიქელაძე.
ორაგულის მოშენებით დაინტერესებული არიან ნორვეგიელი ინვესტორები. თურქი ინვესტორები კი ბევრი სახეობის თევზის მოშენებას გეგმავენ. მეთევზეობისა და აკვაკულტურის სამმართველოს უფროსი აცხადებს, რომ თევზის მოშენების პროცესში კერძო პირები ჩაერთვებიან. მათ შორის არიან მსხვილი ინვესტორები, ასევე წვრილი კომპანიები და ფიზიკური პირები. რამაზ მიქელაძე აცხადებს, რომ მოშენების პროცესში კერძო პირების ჩასართავად ხელშემწყობი ღონისძიებები განხორციელდება.
„იქნება საშეღავათო პერიოდი. მძიმე გადასახადები არ იქნება პირველ პერიოდში. აკვაკულტურას მოგებას დიდი მარჟა არ აქვს. რისკების შემცველია, რადგან ცოცხალი ორგანიზმი გამოგყავს. შეიძლება პრობლემას გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვეს. ამიტომ, როგორც მაღალი რისკის საქმიანობა, ცხადია უნდა კეთდებოდეს შეღავათები. რა თქმა უნდა, დარგი რომ განვითარდება შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკა.’’- აცხადებს რამაზ მიქელაძე ჩვენთან საუბარში.
გასათვალისწინებელია თევზჭერისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, რამდენად მზად არიან ქართული კომპანიები უზრუნველყონ დიდი ოდენობით თევზის მოპოვება. მეთევზეებისთვის დიდი ზომის გემების არარსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. სწორედ ამიტომ ისინი ხშირად თურქულ გემებს იჯარით იღებდნენ. სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, რამდენად მზად იქნება ქართული ფლოტი მოიპოვოს თევზის გაზრდილი რაოდენობა. კითხვაზე საპასუხოდ რამაზ მიქელაძე აცხადებს, რომ უკვე შეძენილია 9 მსხვილი გემი, საიდანაც თითოეულს 300-დან 500 ტონამდე თევზის დაჭერა შეუძლია. მისივე თქმით, ქართული ფლოტი დღეს 9 მსხვილ გემთან ერთად 34-მდე მცირე ზომის გემსაც მოიცავს, რაც თევზის გაზრდილი რაოდენობის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.
„ყველა კომპანია, რომელიც თევზჭერას ახორციელებს ზღვისპირეთში არის ქართული. პრობლემა იყო ის, რომ თავის დროზე არ ჰქონდათ საკუთარი მსხვილი გემები. ჩვენი ადგილობრივი ფლოტი დიდი რაოდენობით თევზის მოპოვებას ვერ ახერხებდა. ტექნიკურად ეს შეუძლებელი იყო. ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია. შარშან შეიძინეს 9 გემი. ადრე ჩვენი კომპანიები ქირაობდნენ თურქულ გემებს. ძირითადად გამოიყენებოდა თურქული ფლოტი, რომლებსაც მართავდა თურქული კომპანია. თევზის დიდი რაოდენობით მოპოვებას მსხვილი გემი სჭირდება, რაც არ ჰქონდათ ქართულ კომპანიებს. დიდი ზომის გემის ღირებულება 3-დან 5 მილიონ დოლარამდეა. ახლა გვყავს 9 გემი, რომელსაც შეუძლია თევზჭერის პროცესის უზრუნველყოფა.“- აცხადებს რამაზ მიქელაძე.