ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბრუნდება და “აქტიურად განიხილება” მისი ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“არ ვუერთდები [არსებულ პარტიას], ჯერჯერობით, პროცესშია და ხვალ გადაწყდება”, – თქვა ქობულიამ. გადაცემის წამყვანმა, მას ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდთან შესაძლო მიერთებაზე ჰკითხა, რაზეც ქობულია პასუხობს: “კომენტარს არ გავაკეთებ, სულ ერთი დღე დარჩა, გაიგებთ. ბევრი გუნდი არ არის, რომ დიდი გამოსაცნობი იყოს. წესებში რომ ჩავჯდეთ, სანამ არ გადაწყდება, მე კომენტარს არ ვაკეთებ. აქტიურად მიდის განხილვა”.
გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე.
გიორგი ქობულიამ მინისტრის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დისკუსიის დროს მას არაერთხელ უწოდეს „უცხო სხეული“ განსხვავებული ხედვების გამო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა მათი არჩევნებში ერთად მონაწილეობისთვის საერთო საარჩევნო სიის შექმნაა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.