მომდევნო ორ წელიწადში SpaceX-ი მარსზე Starship-ის ხუთი ხომალდის გაშვებას გეგმავს

SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში მარსზე Starship-ის ხუთი უეკიპაჟო ხომალდის გაშვებას გეგმავს.
სექტემბრის დასაწყისში მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ SpaceX-ი მარსზე Starship-ის პირველ ხომალდს ორ წელიწადში გაუშვებდა, როგორც კი დედამიწა-მარსის სატრანსფერო ფანჯარა (კოსმოსური აპარატის გასაშვებად ხელსაყრელი პერიოდი) გაიხსნებოდა.
მასკის განმარტებით, მარსზე ეკიპაჟის გაგზავნა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება უეკიპაჟო მისიები. უპილოტო და უეკიპაჟო მისიების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მარსზე პირველი ეკიპაჟი ოთხი წლის შემდეგ გაიგზავნება. წარუმატებლობის შემთხვევაში კი აღნიშნული ვადა კიდევ მინიმუმ ორი წლით გადაიწევს.
შეგახსენებთ, ილონ მასკის მიერ წლის დასაწყისში გავრცელებული განცხადების თანახმად, პირველი ხომალდი მარსზე მომდევნო ოთხ წელიწადში გაიგზავნებოდა, პირველი ადამიანი კი მარსზე ფეხს შვიდი წლის ვადაში დადგამდა. თუმცა, როგორც სხვა ინდუსტრიებში, მასკი კოსმოსურ ბიზნესშიც ვადებს ხშირად ცვლის.
ივნისში SpaceX-ის ხომალდი დედამიწის გარშემო მოგზაურობიდან წარმატებით პირველად დაბრუნდა და ზედაპირზე უსაფრთხოდ დაეშვა. ეს კი კოსმოსური კომპანიისათვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ.