ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ ოპერაციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელის მთავრობამ ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია ჰეზბოლასთან კონფლიქტის გამწვავების და მის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო ს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეს რეჟიმი ისრაელის მთავრობას და არმიას ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო უფლებების შესაზღუდად.
დღეს, 24 სექტემბერს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლამ ისრაელის ჩრდილოეთს კვლავ შეუტია 20-მდე რაკეტით, რომელთა ნაწილი მოიგერიეს, ნაწილი კი დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ისრაელის ავიაციამ ლიბანის ტერიტორიაზე საპასუხო იერიში მიიტანა. ჰეზბოლას თანახმად, შუაღამის შემდეგ რაკეტებით დაარტყეს ისრაელის ავიაბაზას, რომელიც ქალაქ აფულასთან მდებარეობს. შედეგების შესახებ მხარეები არაფერს იუწყებიან.
ერთი დღით ადრე, 23 სექტემბერს ისრაელის არმიამ ავიაგამანადგურებლებით და დრონებით ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა ლიბანის სამხრეთზე და აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველის რაიონზე. ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, დაარტყეს ჰეზბოლას 1100-ზე მეტ ობიექტს, მათ შორის რაკეტების და დრონების საწყობებს.
ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ ოპერაცია გაგრძელდება და მისი სამიზნეა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჰეზბოლა ისრაელთან საომრად ქმნიდა ბოლო ოცი წლის განმავლობაში.
ლიბანის მთავრობის ინფორმაციით, 23 სექტემბერს, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი. ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, დაჭრილია 1645 ადამიანი.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრ ფირას აბიადის განცხადებით, ათასობით ოჯახი იძულებული გახდა საომარი მოქმედებების ზონიდან გაქცეულიყო. აბიადმა BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის მთავრობას განზრახული აქვს ესკალაცია და პროვოცირება.
23 სექტემბერს დილით, ლიბანელებმა, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობენ, მიიღეს ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებები, რომ უნდა დატოვონო ჰეზბოლას კონტროლქვეშ მყოფი რაიონები და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ. იმავე დღეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ჰეზბოლას მიერ კონტორლირებული რაიონების მცხოვრებთ დროებით ევაკუაციისკენ მოუწოდა. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ებრძვის არა მშვიდობიან ხალხს, არამედ ჰეზბოლას, რომელიც დიდი ხანია მათ ფარად იყენებს. ლიბანის მთავრობამ ისრაელი ფსიქოლოგიურ ომშიც დაადანაშაულა.
ლიბანის სამხრეთზე ისრაელის მასირებული შეტევა 19 სექტემბერს, საღამოდან დაიწყო იმ დროს, როცა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა სიტყვით გამოდიოდა წინა ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო.
17 და 18 სექტემბერს, ლიბანში ჰეზბოლას წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა, სულ მცირე, 37 ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა. ჰეზბოლამ პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. ორგანიზაციის ლიდერმა ჰასან ნასრალამ 19 სექტემბერს სატელევიზიო მიმართვისას თქვა, რომ ეს თავდასხმა გასცდა ყველა წითელ ხაზს, ომის გამოცხადებად უნდა შეფასდეს და ისრაელს შესაბამის პასუხს გასცემენ. 21 სექტემბერს ჰეზბოლამ ათეულობით რაკეტით შეუტია ისრაელის ჩრდილოეთს.
2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის შემდეგ ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე არაერთხელ მიიტანა სარაკეტო შეტევა.
ისრაელს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ჰეზბოლა ისრაელს მთავარ მტრად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ