რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთგული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვია, რომელიც მარგარიტა სიმონიანთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, კრემლის მთავარი პროპაგანდისტია.
უკრაინელები მიიჩნევენ, რომ სოლოვიოვს ხელები ბოლომდე სისხლში აქვს გასვრილი, რადგან მისმა მრავალწლიანმა პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ რუსები უკრაინელებს სასტიკად ხოცავენ.
სოლოვიოვი არც საქართველოს ივიწყებს. რამდენიმე თვის წინ თავად სოლოვიოვი აცხადებდა, რომ ესაუბრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც უთხრეს რომ რუს მიგრანტებს საქართველოს ტერიტორიას დაატოვებინებდნენ:
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, ჩვენ მათ (რუსეთის მოქალაქეებს) დავატოვებინებთ ქვეყანას, რადგან ისინი აქტიურად უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორს“, – აღნიშნა სოლოვიოვმა 15 მაისს, გადაცემაში „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“.
მაისში კრემლის პროპაგანდისტმა აღნიშნა, თითქოს, აშშ-ის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა:
“ირკვევა, რომ აშშ-ის ელჩი შეხვდა ქართველ ლიდერებს და მოითხოვა მეორე ფრონტის გახსნა. მან ისიც კი დაასახელა, რამდენი ქართველი დაიღუპება და რომ ეს მცირე ფასია თავისუფლებისთვის. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა“, – განაცხადა სოლოვიოვმა.
აღსანიშნავია, რომ სოლოვიოვი თავის საავტორო გადაცემაში საკმაოდ ხშირად საუბრობს საქართველოზე და განიხილავს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკას, ასევე – საქართველოს საგარეო ვექტორს.
ერთ-ერთ გადაცემაში სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის დუეტი აფხაზეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გადაწვდა:
”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ იქ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიკული ფულით და რამდენია – ასობით თუ არა, ათასობით”, – თქვა სიმონიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობოები ცდილობენ, შეცვალონ “აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდექსი”.