პრეზიდენტი: „ოცნებამ იცის, რომ ხმებით ვერ იგებს არჩევნებს“

საქართველოს პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ხელისუფლების შესანარჩუნებლად კონფრონტაცია ესაჭიროება.
მისივე თქმით, მმართველი პარტია უკვე არათუ პრო-რუსული, უბრალოდ რუსულია. ზურაბიშვილმა ეს დღეს, 23 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ მართლა გარდამტეხ მომენტში. ეს უნდა დავინახოთ… ამაში ძალიან გვეხმარება თვითონ “ოცნების” და ივანიშვილის პოლიტიკა. პრაქტიკულად, დღითი დღე უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა. ეს უკვე “პრო” აღარ არის, ეს არის რუსულობა. მათი მხრიდან იმ ყველაფრის დათმობა, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი [საარჩევნო] კამპანია არ არსებობს. ამ წლის დასაწყისიდან არაფერი არ გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა; არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად, რასაც ჰქვია წინასაარჩევნო კამპანია, რომ ვიღაცას მოეწონო, ვიღაცა მოიზიდო, მოხიბლო. არა, კამპანიაა ერთი, და მხოლოდ ერთი: შიში, მუქარა, რევანშის დაპირება, ეს იქნება დაჭერები თუ სხვა“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტის თქმითვე, მმართველი ძალა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასიხარულო მოვლენებს, – სპორტულ თუ სხვა წარმატებებს, – იყენებს დაპირისპირების გაღვივებისთვის.
„რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? ეს ნიშნავს, რომ თვითონ იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა, რომ კონფრონტაციით, ჯახით მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გვეუბნებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია. ჩვენც გვინდა თურმე და თქვენც გინდათ. ეს არის თემა იმისათვის, რომ მიგვიყვანონ იქამდე, სადაც უკვე ძალის გამოყენება, – რომელსაც ვერ გამოიყენებენ, დარწმუნებული ვარ, – მათ მხედველობაში იქნება ლეგიტიმური და შეეძლებათ, რომ გამოიყენონ.
შენ შენს მტერს ყველაფერს რომ უთმობ, რომ მიდიხარ წარმოუდგენელ დათმობებზე ყველა მხრივ, რას შვრები, როცა ეს ქვეყანა [ს ფედერაცია] არის ის ქვეყანა, რომელსაც ვიცნობთ? შენ უღვივებ მას მადას, და სხვა არაფერს. ეს მადა როცა არის გაღვივებული და შენს გვერდით, შენს მეგობრად აღარავინ აღარაა, ხარ სრულ იზოლაციაში, ეს თუ არ არის ომის გამოწვევა, მაშინ მე არ ვიცი, რა არის მშვიდობის პოლიტიკა“, –თქვა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ