სოზარ სუბარი: ოსებისა და აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდა აუცილებელია

დიახ, უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა თუ გვინდა, რომ, თუნდაც, ოცნება შეგვეძლოს სამართლებრივ სახელმწიფოზე, ერთიან, მთლიან საქართველოზე და თუ გვინდა, რომ ველაპარაკოთ ოსებს და აფხაზებს, ჩვენს ძმებს და დებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დიახ, სამართალი უნდა აღდგეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, დამნაშავეც უნდა გასამართლდეს და იქ, სადაც ბოდიში არის მოსახდელი, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ.

ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. მოღალატეები, რომლებიც ჩვენ გვყავს, აგენტურა ქვეყანაში, ისინი, ბუნებრივია, ბოდიშის წინააღმდეგი არიან. ნუ ველოდებით, რომ ამ ბოდიშს მოიხდიან ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ისინი დღეს არ არიან მზად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ჩვენთან ერთად, ერთ სახელმწიფოში ცხოვრებისთვის.

სწორედ ჩვენ უნდა მოვამზადოთ ეს. ამისთვის ბოდიშის მოხდაც აუცილებელია, სადაც საჭიროა. ამისთვის იყო მთელი ის პროგრამები, რასაც ამ წლების განმავლობაში ვახორციელებდით. თუნდაც, მათ შორის, C ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც თანაბრად ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ცხოვრობენ ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ დანარჩენ საქართველოში და უამრავი სხვა პროგრამა, რომლებმაც ძალიან ბევრი ადამიანი შემოაბრუნა ჩვენკენ და ძალიან ბევრ ადამიანს მიახვედრა, რომ ეს ის სახელმწიფოა, სადაც მათთვის უკეთესი იქნება ცხოვრება.

ეს არის ერთობის გზა. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზა და არა ის, რომ მათ ვეძახოთ მტრები და მუდმივად ჰქონდეთ მათ განცდა, რომ ველოდებით მომენტს, როდის ავიღებთ ხელში იარაღს და შევიჭრებით. ეს არის დაღუპვა საქართველოსი და ამ გზით ვერასდროს მივაღწევთ ვერც ტერიტორიულ მთლიანობას და ქართულ სახელმწიფოსაც კი დავკარგავთ, იმ ფარგლებში რომელიც დღეს გვაქვს.

თქვა პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა იმედიLIVE-ში.

ასევე დაგაინტერესებთ