ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო „მომავლის სამიტში”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის სახელით მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის ინიციატივით გამართულ „მომავლის სამიტში”. ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. საკუთარ გამოსვლაში ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან და ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. მან აღნიშნა ხელისუფლების ძალისხმევა ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მხრივ გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი.

„მომავლის სამიტი“ გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაერო-ს გენერალური მდივნის ეგიდით იმართება. სამიტს წინ უძღოდა ანტონიო გუტიერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ მოუწოდა. ღონისძიებას გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. „მომავლის სამიტი“ რამდენიმე დღე გასტანს. სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ