ქალების ხელფასი კაცების ხელფასს 34%-ით ჩამორჩება

“საქსტატის” სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის ვასილ წაქაძის განცხადებით, დღესდღეობით საქართველოში ქალების ხელფასი კაცების ხელფასს 34%-ით ჩამორჩება.
მისი თქმით, ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია, მათ შორის, განათლების მიღწეული დონე, გამოცდილება და სხვა.
“გენდერული სტატისტიკის წარმოება ქვეყანაში “საქსტატისთვის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან. გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით არაერთი პროდუქტი შემუშავდა და არაერთი გამოკითხვა ჩატარდა. ჩვენ ვმუშაობთ ასევე, გენდერული სტატისტიკის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით “საქსტატმა” შეიმუშავა გენდერული სტატისტიკის პორტალი, რომელიც ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.
“საქსტატი” ასევე, ანგარიშობს გენდერულ სახელფასო სხვაობას, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში 36% იყო. ანუ 36%-ით ჩამორჩებოდა ქალების ხელფასი კაცების ხელფასს. დღეს ეს მაჩვენებელი 34%-ია, თუმცა ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით. მაგალითად, განათლების მიღწეული დონე, გამოცდილება, ის, რომ მამაკაცები უფრო მაღალ თანამდებობაზე მუშაობენ და ა.შ. გარდა ამისა, გაეროს მეთოდოლოგიით ვითვლით ამ ფაქტორების გამორიცხვით რა განსხვავებაა ქალების და კაცების ხელფასებს შორის და ეს არის უკვე 15%, რაც უკვე გენდერული დისკრიმინაციის ნაწილს წარმოადგენს”, – აცხადებს ვასილ წაქაძე.