გაყიდვების სააგენტო KobeOff “ფრენჩაიზის” გაყიდვას იწყებს

უძრავი და მოძრავი ქონების გაყიდვების სააგენტო KobeOff ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ბაზარზე შევიდა.
შესაბამისად, სააგენტო, რომელიც ქართველ და უცხოელ მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით ქონების შესყიდვის საშუალებას აძლევს, ამიერიდან საქართველოს გარდა 7 ქვეყანასა და 2 კონტინენტზეა წარმოდგენილი.
როგორც KobeOff-ის პროექტის ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, კომპანიის სწრაფი ტემპით განვითარებამ და სხვადასხვა რეგიონის თუ ქვეყნის ბაზრის ათვისებამ ახალ ბიზნესმოდელზე გადასვლის საჭიროება გააჩინა, რის გამოც KobeOff “ფრენჩაიზის” გაყიდვას იწყებს.
შეთავაზების ფარგლებში, კომპანია ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს თავის სრულ ბრენდინგს, ტექნიკურ ცოდნასა და ბაზებს მიჰყიდის, სანაცვლოდ კი “ფრენჩაიზისგან” მოგების მცირე პროცენტს მიიღებს.
“იქიდან გამომდინარე, რომ გვსურს წარმომადგენლობის გაზრდა, უამრავ ქვეყანაში შევდივართ, მაგრამ ყველა რეგიონს თუ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს, გადავწყვიტეთ, ფრენჩაიზის სახით სხვადასხვა ქალაქში შევიდეთ. სწრაფი ტემპით ვვითარდებით და რესურსი არ გვყოფნის, რომ ახალი ფილიალები დავიმატოთ, სტაფი მოვიძიოთ, უცხო რეგიონისა და ქვეყნის მომხმარებლის სპეციფიკური ქცევა შევისწავლოთ – KobeOff ძირითადად არაქართველ მომხმარებელზე მუშაობს, რომლებსაც აქვთ ფინანსები და შეძენა სურთ, თუმცა ყველა ქვეყნის მოქალაქესთან ურთიერთობა და კომუნიკაცია განსხვავებულ ცოდნას მოითხოვს.
აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ფრენჩაიზად გავყიდოთ ჩვენი სახელი, სტატუსი და ის რეიტინგი, რაც ამ დროის განმავლობაში მოვიხვეჭეთ. მყიდველს კი ჩავუტარებთ ტრენინგებს, გავუზიარებთ ჩვენს ტექნიკურ ცოდნას და გამოცდილებას, დავეხმარებით ახალი ოფისის აღჭურვაში, გადავცემთ ჩვენს ბაზებსა და კლიენტებს, პირობითად, აჭარაში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ა.შ.” – განმარტავს პროექტის ხელმძღვანელი.
KobeOff-ის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ “ფრენჩაიზის” ფასი ინდივიდუალური იქნება და ბევრი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით განისაზღვრება, თუმცა მისი შესყიდვა, ამავდროულად KobeOff-ის ვებსაიტით, სოციალური ქსელებითა და სხვა უკვე არსებული ციფრული ინფრასტრუქტურით სარგებლობასაც მოიაზრებს, სანაცვლოდ კი, თითოეული გაყიდული ქონებიდან კომპანია 5-8%-ს მიიღებს.
KobeOff-ის მომსახურება უძრავ-მოძრავი ქონების შეფასება-ყიდვა-გაყიდვის, ღონისძიებების დაგეგმვის, ორგანიზებისა და ბილეთების გაყიდვების მაღალი ხარისხის სერვისებს აერთიანებს. გარდა ამისა, KobeOff-ის გუნდი ნებისმიერი ამ მიმართულებით საკონსულტაციო შეხვედრასაც სთავაზობს, რაც ქონების გაყიდვის თუ პროექტების ორგანიზების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.
ამასთან, წარმატებული გაყიდვების უზრუნველსაყოფად KobeOff სხვადასხვა სადაზღვევო თუ ფინანსურ, კერძო და საჯარო ინსტიტუტებთანაც თანამშრომლობს, რომელთა შორისაცაა TBC ბანკი, RedCo, The Loft Development, Payze, “ირაო” და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ